სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე, ზ.ფ. დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ზ.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომლითაც იგი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა. აღნიშნულის შემდგომ, ზ.ფ ქ.ბორჯომში შეხვდა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და შემდგომში, სისტემატური საქმიანობისთვის, კერძოდ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობისა და ბორჯომის რაიონიდან მისი უსაფრთხო გაცილების მიზნით, ქრთამის სახით, შესთავაზა ფულადი თანხა.
ზ.ფ. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.