„გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ – სამენოვანი წიგნი გამოიცა
რამდენიმე დღის, წინ ნესტან თათარშვილის ავტორობით, გამოიცა სამენოვანი (ქართული, გერმანული და ინგლისური), ილუსტრირებული წიგნი – „გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“. გამოცემაში შესულია 2015 წ-დან 2017 წლის ჩათვლით სააგენტოს დაფინანსებით შესრულებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის მასალები.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წიგნი ეძღვნება საქართველოში გერმანელ კოლონისტთა ჩამოსახლების 200 წლისთავს, რომელსაც იუნესკო 2017 და 2018 წლების განმავლობაში საზეიმოდ აღნიშნავს.
წიგნის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და კვლევის 3- წლიანი ფართომასშტაბიანი პროგრამა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული ეს პირველი მასშტაბური პროქტია ქვეყნის მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური მემკვიდრეობის აღნუსხვა-დოკუმენტირებისა და გამოვლენის მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა გამორჩეული დასახლებების, ურბანული ქსოვილის, საკულტო და საერო, მათ შორის საზოგადოებრივი, ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი არქიტექტურის უნიკალური მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის ხარისხი. კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, გერმანული მემკვიდრეობის წარმოჩინება სამომავლოდ შექმნის რეგიონალური განვითარების სტრატეგიების შემუშავების მყარ საფუძვლებს და ტრადიციული ხელოსნობის დარგების აღსადგენად საჭირო ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ამ მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და უშუალოდ მისი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე იყო. პროექტის განხორციელება კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსების შედეგად გახდა შესაძლებელი.
რამდენიმეწლიანი სამუშაოების შედეგად, პროფესიონალთა გუნდმა, ნესტან თათარაშვილის ხელმძღვანელობით, შექმნა მაღალკვალიფიციური გამოკვლევა გერმანელ კოლონოსტთა არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე. გასულ წელს განხორციელებული კვლევის საფუძველზე, რომელიც საქართველოში არსებულ 23 გერმანული დასახლებისა და იქ არსებული შენობა-ნაგებობების შესწავლას მოიცავდა, მომზადდა მეცნიერული ანგარიში ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. კვლევის პროცესმა მოიცვა საქართველოში 1817 წელს დაარსებული პირველი გერმანული კოლონიების – მარიენფელდის, პეტერსდორფისა და ფროიდენტალის (სამივე ახლანდელ სართიჭალაშია), ნოი-ტიფლისის (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ქუჩები) და აგრეთვე გერმანელთა ბოლო დასახლების – ნოი-ბოტანიკას (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კალინინო) შენობების სრული ინვენტარიზაცია და იქ არსებულ მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეულ ნიმუშებზე სააღრიცხვო ბარათების მომზადება. გამოსაცემად დამუშავდა სათანადო რუქები, ნახაზები, საარქივო და ბიბლიოგრაფიული დოკუმენტები, ახალი და ისტორიული ფოტოები.
კვლევითი სამუშაოების საფუძველზე დამუშავდა წიგნის ტექსტი, ბიბლიოგრაფია და ვიზუალური მასალის ანოტაციები. წიგნისა და ინვენტარიზაციის სრული ელექტრონული მასალა ეკვე აიტვირთა კულტურულიმემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან გეო-მონაცემთაბაზაში.
სამომავლოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პარალელურად უცხოეთშიც გეგმავს. 2018 წლის ოქტომბერში „გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
წიგნი გამომცემლობა „სეზანში“ გაფორმდა და დაიბეჭდა.