ყვარლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარლის XVIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 8 მაისის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. კარი, სარკმლები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, ფასადთა მორთულობა და ლავგარდანი აგურისაა. გადახურულია კრამიტით. შესასვლელი ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედელში აქვს.
კარი გარედან შეისრულია, შიგნიდან ჰორიზონტალური გადახურვის. დასავლეთის და სამხრეთის კარი აგურის საპირეშია ჩასმული, რომელიც აგურის საფეხუროვანი ფრიზით სრულდება.
ყველა კედელში თითო შეისრული სარკმელია. კედლები აგურის ოთხსაფეხურიანი კარნიზით სრულდება. სამხრეთის კარის ორივე მხარეს აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული სამ-სამი რომბია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადებზე, ფრონტონში აგურითვე გამოყვანილი ჩაღრმავებული ჯვრებია მოცემული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც შეისრულ თაღზე დაყრდნობილი აგურის კონქით სრულდება. შეისრული სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. ჩრდილოეთის – თაღოვანია, სამხრეთის კი – სწორკუთხა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული.
დარბაზის კამარა შეისრულ თაღებს ეყრდნობა. იატაკი აგურფენილია. ეკლესიის ძეგლის მახასიათებლებია: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები: ეპოქის მახასიათებელი შეისრული თაღები, სარკმლები და კარები, ფასადების აგურის რომბებითა და ჯვრებით მოპირკეთება.