წინარეხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის 1588 წელს აგებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 8 მაისის ბრძანებით მიიღო.
ღვთისმშობლის ეკლესია კომპლექსური ძეგლია: შედგება დარბაზული ტაძრის, მასზე დასავლეთიდან მიდგმული კოშკის, გალავნისა და სამრეკლოსგან.
ტაძარი დარბაზული ნაგებობაა (8,42×5,5 მ). აშენებულია ქვიშაქვისა და ნიჩბისის სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე. ჩრდილოეთიდან ორი კონტრფორსი აქვს. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი გარედან თაღოვანია შიგნიდან არქიტრავული. თაღი აგურითაა გამოყვანილი. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთის და სამხრეთის თითო თაღოვანი სარკმლით. კედლები სრულდება მარტივი ლავგარდნით. დახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. კონქი ამ მხრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელზე აგურის ტრაპეზია მიდგმული, სარკმლის ორივე მხარეს კი თითო ნიშია. ჩრდილოეთის ნიში თაღოვანია, სამხრეთის – სწორკუთხა. საკურთხევლის აგურის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული, შუაში ამბიონია. კანკელი ხისაა. კედლები გალესილია. მოხატული ყოფილა. მხატვრობის ფრაგმენტი შემორჩენილია კონქში. მოცემულია ფხიზელი თვალი. იატაკი აგურისაა.
ტაძარის ფასადებზე ორი წარწერაა ჩადგმული. ერთი, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა აღმოსავლეთი სარკმლის თავზე გრძელ ქვიშაქვის ფილაზეა შესრულებული, მეორე, შვიდსტრიქონიანი ასომთავრული ტექსტი კი სამხრეთი სარკმლის თავზე მწვანე ტუფის ქვაზეა ამოკვეთილი. აღმოსავლეთის წარწერა საამშენებლოა და ყვება, რომ 1588 წ. ეკლესია აუგია ტფილელ ეპიაკოპოსს ბარნაბა ფავლენიშვილს.
ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია სწორკუთხა, ტაძრის სიმაღლის კოშკი, რომელიც დასავლეთიდან მაღალ ცოკოლზე დგას. კოშკს სამხრეთიდან თაღოვანი კარი ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს. ასევე კარი ჰქონია დასავლეთ კედელშიც, რომელიც ასევე ამოუშენებიათ და სარკმლად უქცევიათ. კოშკი ორსართულიანია, პირველი სართული კამაროვანი გადახურვითაა დასრულებული და ეკლესიასთან კედლის მთელ სიგანეზე გახსნილი თაღითაა დაკავშირებული. მეორე სართულზე მოხვედრა ჩრდილოეთ კედელში გაკეთებული თაღოვანი კარითაა შესაძლებელი. დასავლეთ კედელში კი სწორკუთხა სარკმელ-სათოფურია.
ტაძარს გარს უვლის ქვის გალავანი, რომლის სამხრეთ კედელზე კონტრფორსია მიდგმული. გალავნის ბოლოში სამრეკლოა ჩართული. სამრეკლოს ცოკოლი ნატეხი ქვითაა ნაგები, მასზე ქვისა და აგურის წყობით კედლებია ამოყვანილი, რომლის ერთ მხარეს კიბეებია ჩადგმული. ზედა ნაწილი აგურით ნაგები ოთხ სვეტიანი ფანჩატურია, რომელიც აგურისვე პირამიდული სახურავით სრულდება.