ახალი აღმოჩენა გუდიაშვილის მოედანზე – სპეციალისტები კერამიკულ ნაწარმს ამუშავებენ
რამდენიმე დღის წინ, ბ. ახოსპირელის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მიწის სამუშაოების დროს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის ზედამხედველობით ხორციელდება, გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მარანი – სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პირველადი დამუშავება – კერამიკული ნაწარმის გაწმენდა და ფოტოგრაფირება. შემდგომ მოხდება ჩახაზვა და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი ანალოგების მოძიება და მათთან შედარება.
„თითოეული ჭურჭლიდან საანალიზოდ აღებულია ძირზე არსებული მიწის ნიმუში, რაც გადაეცემა შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს. შესაბამისი სფეროს სპეციალისტები ასევე დაამუშავებენ ლითონის ნაწარმს. გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწის სამუშაოების დასრულების შემდგომ არქეოლოგიური მასალა სპეციალურ სამუზეუმო სივრცეში განთავსდება.
წარმოდგენილი კერამიკული ნაწარმი სწორედ ამ მარანში მდებარე ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩნდა. ესენია:
დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა. ხუთივე მათგანი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ, ორიოდ კვირის წინ, ასევე გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის ქ. N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
კერამიკული ნაწარმი XVIII-XIX სს. მიჯნით შეიძლება დათარიღდეს.
კერამიკული ნაწარმის გარდა ქვევრში დაფიქსირდა ასევე სპილენძის აზარფეშა, – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში“, – აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
სამუშაოებს სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური.