„უელსში ქართული მხარე უაღრესად წელში გამართული მიდის“

უელსში, მომავალ სამიტზე ქართული მხარე უაღრესად წელში გამართული მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორების ადეკვატური მხარდაჭერის იმედი აქვს.
“ჩვენ ვისაუბრეთ და მადლიერება გამოვხატეთ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენსა და ფრანგულ მხარეს შორის კიდევ უფრო ღრმავდება. ესაა თანამშრომლობა საქართველოს დაცულობის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომელიც მიღწეულ იქნა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ეფუძნება იმ წარმატებას, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვის სამინისტროში ჯარის რეფორმირების თვალსაზრისით და იმ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით – იცით რომ, ძალიან აქტიურები ვართ “აისაფის” მისიაში, იმ ახალ მისიაშიც, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იგეგმება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ვისაუბრეთ, რომ მომავალ სამიტზე უელსში ქართული მხარე მიდის უაღრესად წელში გამართული და იმედი აქვს ადეკვატური მხარდაჭერისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობას და “უაღრესად მნიშვნელოვან” ხელშეკრულებას, რომელსაც რამდენიმე კვირაში მოეწერება ხელი. “ასოცირების ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობას უქმნის როგორც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ისე ბიზნესპროექტებს, ასევე ჩვენი ხალხების დაახლოებას. ასევე შევეხეთ იმ სამიტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოში. შევეხეთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის. ის ენერგოუსაფრთხოების პროექტები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ კასპიისა და შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მალდიერება მინდა გამოვხატო იმ პოზიციის მიმართ, რომელსაც საფრანგეთი აფიქსირებს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. ესენია ტერიტორიული მხარადჭერა და არაღიარების პოლიტიკა. ეს პრობლემები ჩვენთვის გამძაფრდა 2008 წელს და მაშინ ვნახეთ ფრანგი მეგობრებისგან სერიოზული მხარდაჭერა – მხარდაჭერა, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველო შენარჩუნდა როგორც ქვეყანა. სამწუხაროდ, 2008 წელს მიღწეული შეთანხმებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ამუშავებული. ამ თვალსაზრისით, ის ვითარება, რომელიც გათამაშდა 2014 წელს უკრაინაში, არის განმეორება იმ პოლიტიკის, რომელიც 2008 წელს დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. პრივილეგირებული ინტერესების სფეროები – ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ პროცესის”, – აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ფრანსუა ოლანდთან შეთანხმდა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავება ახალ იმპულსს შეიძენს ამ ვიზიტის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები