მთაწმინდის პარკთან პარკირება საათში 2 ლარი ღირს – ვის ჯიბეში მიდის თანხა?

სოციალურ ქსელებში მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოები გავრცელდა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხორციელდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანების პარკირება. ინტერნეტმომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კერძო პირებმა ეს ტერიტორია იჯარით აიღეს და პარკირება ფასიანი გახდა. ყოველივე ამან კი იმ მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც პარკს სტუმრობენ და დისკომფორტს განიცდიან. „შაბათ დღეს გადავწყვიტე ბავშვები გამესეირნებინა მთაწმინდის პარკში. ჰოი საოცრებავ! „სითი-პარკი“ არ გვყოფნიდა სრული ბედნიერებისთვის და ახალგამოჩეკილმა „ჯეო პარკინგმა“ გადაწყვიტა, ააწყოს ბიზნესი თბილისელი და არამარტო თბილისელი დამსვენებლების ხარჯზე! დაასაქმა 2 ადამიანი და გაღლიტა ათასობით! ერთ დღეში დაარეგისტრირა ფირმა, 2014 წლის 7 თებერვალს, და დაიწყო ფულის ჭრა! ცენტრალური გზა, რომელიც შუძლებელია იყოს რომელიმე კერძო კომპანიის, ან ფიზიკური პირის საკუთრება, იქ, სადაც იწყება მანქანებისათვის დასაშვები პარკირების ადგილი, მოვიდა ე.წ. ინვესტორი და დააყენა შლაგბაუმი და საათში ერთ მანქანაზე აკეთებს მინიმუმ 2 ლარს, ერთი საათით მთაწმინდის პარკში რომ არავინ ავა, ნათელია. საინტერესოა, ვინ გასცა ნებართვა და ვინ მფარველობს „ჯეო პარკინგს?!“, – წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელ „ფორუმ.ჯი“-ზე. „კვირა“ დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნის შპს „ჯეო პარკინგი“. 1
შპს „ჯეო პარკინგი“ 2014 წლის 7 თებერვალს დაარსდა და შპს „მთაწმინდის პარკთან“ ხელშეკრულება 2014 წლის მარტის დასაწყისში გააფორმა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ჯეო პარკინგს“ ორი მეწილე ჰყავს: კერძო კომპანიის 70 % დავით ჩიქოვანს ეკუთვნის, ხოლო 30 % ნოდარ ლანდიას. თავად შპს. „ჯეო პარკინგის“ დირექტორი კი პავლე გაფრინდაშვილია.
„კვირა“ შპს „მთაწმინდის პარკის“ მენეჯერს ნათია ფარცხანაძეს დაუკავშირდა. მას შემდეგ, რაც ფარცხანაძემ საკითხის შესახებ ინფორმაცია შეიტყო, დაგვპირდა, რომ იურისტს 15 წუთში დაგვაკავშირებდა. თუმცა, მან „კვირას“ აღარ უპასუხა.
მოგვიანებით, „კვირამ“ თავად შეძლო შპს „მთაწმინდის პარკის“ იურისტთან ლევან კოხოძესთან დაკავშირება. იურისტის განცხადებით, შპს. „მთაწმინდის პარკის“ ხელმძვანელობამ მიწის ნაკვეთი შპს „ჯეო პარკინგს“ იჯარით გადასცა და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც გაუფორმა.
“ჯეო პარკინგი“ ჩვენი მოიჯირეა. ეს არის იურიდიული პირი. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ქვეიჯარით გავეცეთ ტერიტორია და ამ კერძო კომპანიას იჯარით გადავეცით „მთაწმინდის პარკის“ აღნიშნული ტერიტორია, სადაც პარკინგს მოაწყობდნენ. ხელშეკრულების პირობის არ გავამხელ. ჩვენ გვიხდიან იჯარას. ჩვენ მათ შემოსავალში არ ვერევით. მათი ფინანსური შემოსავალი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ჩვენთან არიან როგორც მოიჯარეები და თავიანთ ბიზნესსაქმნიანობას ახორციელებენ“, – აღნიშნა იურისტმა ლევან კოხოძემ. 3
მისი თქმით, „მთაწმინდის პარკის“ უძრავი ქონება მერიისაა, იჯარით აქვს გადაცემული შპს „თბილისი პარკს“ , შესაბამისად „თბილისი პარკი“ ახორციელებს „მთაწმინდის პარკის“ საქმიანობას. კოხოძის ინფორმაციით, მთაწმინდის პარკი, საერთო ჯამში, პატარკაციშვილების არის, მაგრამ იურიდიულად შპს „თბილისი პარკს“ ეკუთვნის, რომლის დირექტორი ირაკლი სასანიაა.
„კვირა“ მთაწმინდის პარკის დირექტორს ირაკლი სასანიასაც დაუკავშირდა. ცნობისათვის, იგი წარსულში პედიატრად მუშაობდა, მან სამედიცინო საქმიანობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა და ამჟამად სასანია ჯანდაცვის სფეროს ექსპერტია. აღსანიშნავია, რომ ის „მთაწმინდის პარკის“ დირექტორის თანამდებობის გარდა, კიდევ ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს. კერძოდ, შპს „ხარისხი ჯანდაცვის სფეროში“ დირექტორის პოსტს იკავებს. როგორც „კვირას“ ირაკლი სასანიამ განუცხადა, მისთვის შპს „ჯეო პარკინგის“ მიერ დაწესებული გადასახადი, საათში 2 ლარი, ძვირი არ არის.
„შპს „ჯეო პარკინგთან“ ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ და იჯარით გვაქვს გაცემული. როგორც ვიცი, იქ ავტომანქანით შესვლა 2 ლარი ღირს და არა საათობრივი ანაზღაურება. თუმცა, ეს არის საბაზრო ეკონომიკა და ჩვენ მათ საქმიანობაში არ ვერევით. გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც მანქანით ამოდის მთაწმინდის პარკში და სულ მცირე, ბენზინში 10 ლარს ხარჯავს, ვფიქრობ, მისთვის ეს თანხა ძვირი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა სასანიამ.
მან, „კვირას“ ხელშეკრულების პირობები არ გაუმხილა და დასძინა, რომ „ჯეო პარკინგი“ კერძო კომპანიაა და რა ფასსაც უნდათ, იმას დაადებენ. ჩვენ მათ საქმიანობაში არ ვერევით“, – განუცხადა სასანიამ „კვირას“.

10346976_748562515166244_1619012964_n

12121212121

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები