„ახალგაზრდა ადვოკატები“: „საქართველოს ბანკი“ „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეში მთავარი ფიგურანტია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას ახალი სამართლებრივი კვლევის შედეგებს წარუდგენს, რომელიც ეხება ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მოქმედებების შედეგად, კიდევ ერთი მსხვილი ქართული ბიზნესის გაკოტრების შემთხვევას და ამ პროცესში, საერთო სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებებს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სავარაუდო დანაშაულში მონაწილეობის ფაქტს.

როგორც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილიმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბიზნესმენ მურთაზ უგულავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე ეხება შპს „მეტალინვესტის“ შემთხვევას და მისი დირექტორისა და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენის, მურთაზ უგულავას მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

„აღნიშნული კომპანია დაფუძნდა 2006 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო არმატურით და სხვა სამშენებლო მასალებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. 2007 წელს, შპს „მეტალინვესტსა“ და ს.ს. „საქართველოს ბანკს“ შორის დაიდო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 5 000 000 აშშ დოლარზე, საიდანაც გამოიყო 3 000 000 აშშ დოლარის სესხი წლიური 14%-იანი საპროცენტო სარგებლით და რეფინანსირებით დაიფარა პარტნიორი ყაზახური ს.ს. „ალიანს ბანკის“ მიმდინარე სასესხო დავალიანება. სს „საქართველოს ბანკმა“ დამატებით საბრუნავი საშუალებების შესაძენად, შპს „მეტალინვესტს” გამოუყო მოკლევადიანი სესი 848 500 ლარის ოდენობით და კომპანიის ანგარიშზე დაიშვა ოვერდრაფტი 46 720 ლარი. დადგენილია, რომ 2007 წელს შპს „მეტალინვესტის“ სასაქონლო მატერიალური მარაგების იმპორტმა შეადგინა 2 1787386,4 ლარი. უკრაინიდან შემოტანილი იქნა 21 536,87 ტონა მეტალპროდუქცია, ხოლო გარდამავალი ნაშთი საწარმოს საწყობში მუდმივად შეადგენდა 2000-3000 ტონამდე სხვადასხვა ასორტიმენტის არმატურას და გლინულას. 2008 წელს შპს „მეტალინვესტის“ ამონაგებმა რეალიზაციიდან შეადგინა 40 700 831,41 ლარი. ამავე პერიოდში, საწარმომ სს „საქართველოს ბანკიდან“ მიიღო დამატებითი დაფინანსება 4 403 00 ლარის ოდნობით. ამასთან, 2008 წელს, შპს „მეტალინვესტი“ გახდა მსხვილი გადამხდელი და ასევე მიიღო გადამხდელთა ოქროს სიაში მყოფი ორგანიზაციის სტატუსი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის სექტემბერში, სს „საქართველოს ბანკმა“ სესხებზე საპროცენტო წლიური სარგებელი 14%-დან გაზარდა 18%-მდე. 2009 წელს, ბანკმა უარი განაცხადა დაფინანსებაზე და სესხის დაფარვის მიზნით გადავიდა საბრუნავი საშუალებების რეალიზაციაზე. წარმოდგენილი მასალების თანახმად, შპს „მეტალინვესტს“ არ ჰქონდა არც დამატებითი დაფინანსება და არც სასაქონლო მატერიალური მარაგები, ხოლო კომპანიის აქტივების რეალიზაციიდან ამოღებული თანხა, ძირითადად მიემართებოდა სესხის პროცენტის დასაფარად. ამდენად, შპს „მეტალინვესტი“ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქმიანობას არსრულებდა ზარალით. აღნიშნულს ხელი შეუწყო ს.ს. „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, შპს „,მეტალინვესტში“ დაინიშნა დროებითი ზედამხედველი კონტროლიორის სახით. შედეგების გათვალისწინებით, ბანკმა კომპანიისა და მისი დირექტორის სახელზე რიცხული, იპოთეკით უზრუნველყოფილი მრავალი მილიონის უძრავი ქონება დაისაკუთრა“, -განაცხადა კაიკაციშვილმა.

კომპანიის დირექტორის, მურთაზ უგულავას განცხადებით, ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის 2010 წლის 7 აპრილს დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა კომპანიის უძრავი ქონებების გასხვისება.

როგორც ირკვევა, ამის შესაძლებლობას კომპანიის მაშინდელ დირექტორს არ აძლევდა სპეციალური შეზღუდვა. კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაშინდელ დირექტორს საზოგადოების წესდების ჩანაწერის თანახმად, გააჩნდა ხელმძღვანელობაზე შეზღუდული უფლებამოისლება და ქონებების გასხვისება აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მაინც განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის ივნისში.
„დანაშაულის ნიშნები მდგომარეობს იმაში, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს უთარიღო, სანოტარო წესით დაუმოწმებელი კომპანიის ე.წ. „წესდება“, სადაც შეცვლილი იქნა ქონების გასხვისების შეზღუდვის შესახებ, მანამდე არსებული ჩანაწერის რედაქცია ისეთი ფორმით, რომ საზოგადოების ქონების გასხვისება არ იზღუდებოდა მისი ხელმძღვანელისგან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დაუმტკიცა სადავო ქონებები, ხოლო მოგვიანებით, კომპანიის მიმართვის გარეშე, მოახდინა წესდებით განსაზღვრული შეზღუდვის თვითნებური გაუქმება. დღემდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო არ ახდენს კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მონაცემთა ბაზიდან ამოღებას. საქმეზე არ ხდება სწრაფი და ეფექტური გამოძიება“ -აცხადებს კაიკაციშვილი.

ბიზნესმენი მურთაზ უგულავა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ ქმედებების სამართლებრივ შეფასებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მოითხოვს და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დავას აგრძელებს.
„სსიპ ლევან სამსახრაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 19 ივნისის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან შპს „მეტალინვესტს“ არ გააჩნდა დაფინანსების წყარო, ხოლო მისი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სრულად მიემართებოდა სასესხო ვალდებულებების დასაფარად, კომპანია ვეღარ ღებულობდა მოგებას. 2009-2012 წლებში მიუღებელი შემოსავლის დასადგენად, ექსპერტების მიერ 2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით განვლილ პერიოდში, ფაქტიურად მიღებული მოგების გათვალისწინებით, გაანგარიშებული იქნა საშუალო წლიური მოგება, რაც განისაზღვრა 1 233 867,23 ლარით, რომლის გათვალისწინებითაც, 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით პერიოდში, შპს „მეტალინვესტს“ სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მიეღო საორიენტაციოდ 4 935 468,92 (4*1233867,23) ლარის მოგება“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე კვლევის შედეგებს 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნებს. კვლევა აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები