სოფო კილაძე: ჩვენ ბევრი მაჩვენებლით დემოკრატიის კუთხით ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის

„ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ადამიანი, მასზე ზრუნვა და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს დაგვავავალა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს და ემსახურება კიდეც ამ უზენაესი მიზნის მიღწევას”- ამ სიტყვებით დაიწყო სოფო კილაძემ თავისი გამოსვლა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

„ძალიან ხშირად ჩვენი ოპონენტები ქილიკობენ იმაზე, რომ ის, რაც თქვა ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთ – ეს მართლაც ასე არის. ეს არ არის, ბატონებო და ქალბატონებო, საქილიკო, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის დემოკრატია იმ დონეზე, ისეთი მაღალი ხარისხით, როცა ჩვენ შეგვიძლია ეს თამამად და ღირსეულად ვამტკიცოთ. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ერთერთი ძალიან კარგი მაგალითი ამისა არის სწორედ სტრასბურგის სასამართლო, კერძოდ, ის ფაქტი, რომ საქართველოდან ძალიან შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელების რიცხვი, და ჩვენ, ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან, ვართ მე-12 ადგილზე წარდგენილი სარჩელების სიმცირით. ეს ძალიან დიდი მიღწევა არის და პირველი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა თვისობრივად მაღალ საფეხურზე არის და აქ ნამდვილად არაფერი გვაქვს სასაყვედურო. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო წინ წავიდეთ და კიდევ უფრო მოწინავე რიგებში გადავინაცვლოთ, მაგრამ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩვენ გვერგო, ნამდვილად მისაბაძი არის სისწრაფე იმ რეფორმებისა, რომელიც გავატარეთ სწორედ დემოკრატიის კუთხით”.

პარლამენტის წევრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე: „ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევები, და ეს პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, არის სიღარიბე და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ამ ტრიბუნიდანაც. მეც არაერთხელ მითქვამს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენს წინაშე და ამ გამოწვევას შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ”.

სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში პრემიერმინისტრობის კანდიდატთან ურთიერთობის მაგალითი გაიხსენა; „ამ ადამიანს აქვს სწორედ განცდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და სჭირდებათ თანადგომა. ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და ასეთი ჯგუფები, რომლის დაცვისთვისაც ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ სოციალური მუშაკის რეფორმა და ამას სჭირდებოდა შესაბამისი თანხები, ამ რესურსზე ჩვენ მივიღეთ ბატონი მამუკასგან დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს რეფორმა ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარება სიღარიბიდან ამოსვლაში, ისევე როგორც ისინი აღარ იქნებიან ძალადობის მსხვერპლი”.

დეპუტატის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა ბახტაძის, ისევე როგორც წარმოდგენილი გუნდის სხვა წევრების ძალისხმევით განხორციელებული რეფორმები იყო და არის ადამიანზე ორიენტირებული, მას მიაჩნია, რომ ამ გუნდს პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები