„დარწმუნებული ვარ, სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი რეფორმები, “მეორე სუნთქვას” გაუხსნის ჩვენს ეკონომიკას“

სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი რეფორმები, მე დარწმუნებული ვარ, „მეორე სუნთქვას“ გაუხსნის ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ შორს არის სოციალური თანასწორობის სასურველი დონიდან, რომლისკენაც უნდა ისწრაფოს კეთილდღეობის სახელმწიფომ.

„მადლობა ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და წინა მთავრობის ყველა წევრს, მათ შორის მათ, ვინც დღეს არ ესწრება, რომ ემსახურეთ და ემსახურებით ამ ქვეყანას.

მივესალმები ბატონი მამუკას მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას – რომლის სათაურიც ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მთავრობების მემკვიდრეობითობას და თანამიმდევრულობას იმ ზეამოცანებისკენ მისწრაფებაში, რომელთაც ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და კეთილდღეობა ჰქვია.

კეთილდღეობის მიღწევა კი შეუძლებელია სწრაფი განვითარების გარეშე, რაზეც იყო ფოკუსირებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და „ქართული ოცნების“ ყველა წინა მთავრობის სტრატეგია. შედეგად მივიღეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სურათი ნათლად მეტყველებს, რომ მხოლოდ ზრდის ტემპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებული ქრონიკული სიღარიბე დავძლიოთ.

სწორად ამიტომ მივესალმები ამ სამთავრობო პროგრამაში მოცემულ ახალ და არაორდინარულ რეფორმებს, რომელიც მიმართულია ამ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის განმტკიცების და ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის, უფრო სწორად ამ შესაძლებლობების გათანაბრებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ სოციალური თანასწორობის სასურველი დონიდან, რომლისკენაც უნდა ისწრაფოს კეთილდღეობის სახელმწიფომ.

სამწუხაროდ, ეკონომიკურ ზრდას და უკვე განხორციელებულ სოციალურ პროგრამებს, ჯერჯერობით არ მოუხდენია ამ მიმართულებით თვისობრივი ცვლილება, მიუხედავად უკიდურესი სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირებისა 2013 წლის მერე.

ეს მნიშვნელოვანწილად იმ მძიმე მემკვიდრეობის შედეგიცაა, რომელიც 2012 წელს მიიღო ოცნებამ, 90-იანი წლების ქაოსის და იმ ავადსახსენებელი 9-წლიანი მმართველობის შედეგად, როდესაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მკვეთრად იზრდებოდა სიღარიბე, როდესაც სოციალიზმი, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე საუბარი ცუდ ტონად გადააქციეთ და ღარიბი ექსკლუზიურად დაადანაშაულეთ საკუთარ სიღარიბეში. დღეს რომ ნიშნის მოგებით კითხულობთ, ვინ შეიყვანა ის ხალხი მოვალეთა შავ რეესტრშიო, ეს უმეტესად ის ხალხია, ვინც თქვენ გააღარიბეთ და დააქციეთ.

ყველაზე საინტერესო ის არის რომ დღეს ამ იდეოლოგიის გამტარებელი ეს იგივე ხალხია, ვინც დღეს იმავე ღარიბებისთვის სოციალური შემწეობის მოხსნის თითოეულ შემთხვევაზე ტელეკამერების თანდასწრებით ნიანგის ცრემლებს აღვარვარებენ.

სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი რეფორმები, მე დარწმუნებული ვარ, „მეორე სუნთქვას“ გაუხსნის ჩვენს ეკონომიკას და გახდის ეკონომიკურ ზრდას გაცილებით უფრო ინკლუზიურს იმ რესურსების და ადამიანური კაპიტალს ჩართვით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, როგორც
თქვენ უწოდეთ თამაშის უსამართლო წესების გამო გამოთიშული იყო ქვეყანაში დოვლათის შექმნიდან და იმ რეზერვების ამოქმედებით რასაც მცირე და მიკრო-ბიზნესის საგადასახადო და საგარანტიო წახალისებით და ინოვაციებით მიიღწევა.

განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმასთან ერთად, ამ მიდგომების დანერგვა, რომელნიც შექმნიან ბევრ და რაც შეიძლება მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, არის სწორედ სიღარიბის შემცირების ერთადერთი სწორი და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, რათა რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე და ოჯახი გამოვიყვანოთ ქრონიკული სიღარიბიდან.
მე ასევე მივესალმები მოკლევადიან პერიოდში სიღარიბის ტვირთის შემსუბუქებისათვის საჭირო სოციალურ დაცვის რეფორმებს, მათ შორის საპენსიო რეფორმის და სოციალური შემწეობის პროგრამის სრულყოფის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჯანდაცვით და სოციალური პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.

საბაზისო პენსიის გაზრდაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებზე, მათ შორის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან ბოლო კვლევების მიხედვით სწორედ ამ მიმართულებით მოსახლეობის მესამედს ჰქონდა კატასტროფული დანახარჯები.

დაბოლოს, მხარს ვუჭერ კომპაქტური, მოქნილი და ეფექტიანი მთავრობის მოდელს, რომელიც თქვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთ ძირითადი კომპონენტია. ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების გაყინვით, სახელმწიფოებრივი სერვისების თვისობრივი გაუმჯობესებით, საპარლამენტო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით მჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტი სიკეთის და სარგებელის უფრო დროულად და ეფექტიანად მიტანით“, -განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები