“ნაციონალების” ხელისუფლების მიერ დაზარალებული ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს

ბიზნესმენი თამაზ წულაია ყოფილ ხელისუფლებას მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. როგორც მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა განაცხადა, “ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ მისი ბიზნესწილები მიითვისა.

ამასთან, როგორც წულაია აცხადებს, 2007 წელს, როცა ის პატიმრობაში იმყოფებოდა, მისი სიტუაცია გამოიყენა, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, კერძოდ კი როლანდ ახალაიამ და მისი კუთვნილი აქციების 17% მიითვისა, რომელსაც სააქციო საზოგადოება „ზუგდიდვაჭრობაში“ ფლობდა. პრესკონფერენციაზე, ბიზნესმენმა აქციების უკანონოდ მითვისების დეტალებზე ისაუბრა.

თამაზ წულაიას განცხადებით, სააქციო საზოგადოება „ზუგდიდვაჭრობას“, სხვა შენობების გარდა, ზუგდიდის ცენტრში მდებარე უნივერმაღი „ენგური“ ეკუთვნოდა. წულაიას თქმით, აქციებს სულ ჯამში 148 ადამიანი ფლობდა, ყველაზე დიდი პროცენტის – 17%-ის მფლობელი კი თავად იყო.

ბიზნესმენის თქმით, უნივერმაღის შენობით დაინტერესებული იყო იმჟამინდელი პროკურორი როლანდ ახალაია, რომელმაც, წულაიას მტკიცებით, სიტუაცია გამოიყენა და შენობის დაუფლების მიზნით, ის უკანონოდ დააპატიმრა.

„2006 წელს მომიხდა ჩხუბი და დამაპატიმრეს უკანონოდ. პროკურორი როლანდ ახალაია დაინტერესებული იყო „ენგურით“ და ჩემი თავიდან მოშორება გადაწყვიტა, მოახდინეს ზემოქმედება მოსამართლეზე და მომცეს 4.5 წელი. გოროზიამ უთხრა ახალაიას, რომ არჩევნების მოგებაში დაეხმარებოდა და სანაცვლოდ „ენგურის“ მიღებაში უნდა დახმარებოდა. გოროზია დაეხმარა ახალაიას, შემიშინა ჩემი აქციონერები, რომლებსაც 90 ათასი ლარი ჰქონდათ ვალი, მე რადგან ციხეში ვიყავი, მათი დახმარება არ შემეძლო. ისინი დაარწმუნა, რომ თუ აქციებს გაყიდიდნენ, მოძებნიდნენ ისეთ ადამიანს ვინც აქციებს იყიდიდა, ვალს გადაახდევინებდა და შემდეგ ერთად იმუშავებდნენ.

ამ საუბრის შემდეგ გამოჩნდა ვინმე დავით როგავა, მას ჰქონდა ტოტალიზატორი თბილისში და ჰყავდა მეგობარი დავით კოდუა, შემდეგ მისი „კრიშა“ იყო ერეკლე კოდუა და ამ ადამიანებთან ურთიერთობით დიდი ფული დააგროვა. ამ ადამიანმა გოროზიას მეშვეობით შეიძინა სააქციო საზოგადოების 8-9 წევრისგან 65%, კრებაზე გამოიკვეთა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, 100 ადამიანს დავასაქმებთ და ამ პირობით მისცეს 65%“,- აღნიშნა თამაზ წულაიამ და დასძინა, რომ ცოტა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საქმეში სხვა თაღლითური გარიგება იყო ჩაფიქრებული.

წულაიას თქმით, დავით როგავამ, თავის იურისტებს ედიშერ ცხადაიასა და თამაზ ქანთარიას დავალებები მისცა. წულაიას ინფორმაციით, მათ სურდათ, რომ აქციების მაგივრად მიეღოთ შენობა „ენგური“.

„სააქციო საზოგადოებაში გაიმართა კრება, რომელსაც 148 აქციონერის ნაცვლად 12 აქციონერი ესწრებოდა. ვიცით, რომ 65 %-ის მფლობელია ორი ადამიანი, ქანთარია და ცხადაია, რომლებმაც ეს ოპერაცია ჩაატარეს და დანარჩენი 9 ადამიანი 3%-ის მფლობელი, ამ ხალხმა აქციები გაყიდა და თვითონ უკვე არანაირი უფლება აღარ ჰქონდათ იმ კრებაზე ყოფნის.  ამ დროს ქანთარია და ცხადაია ითხოვს იმ გეგმის განხორციელებას, რაც ადრე ჰქონდათ მოფიქრებული. კრებაზე დაიწერა ერთი ოქმი და კრების შემდეგ შეიცვალა მეორე ოქმით. ოქმის მიხედვით, ქანთარია თხოულობს გამოყოფას წილით, რომ უნივერმაღი „ენგური“ მიეღოს ამ აქციების საფასურად. სინამდვილეში, ამ აქციებს, ამ შენობის გარეშე, ფასი არ აქვს.

მან თანხმობა მიიღო იმ ორი აქციონერისგან, რომლებმაც მანამდე აქციები მიყიდეს, ჯიბეში ფული ჩაიდეს და თავისი უკვე აღარაფერი ჰქონდათ. ამ ადამიანებმა მათ მისცეს თანხმობა, რომ ჩვენი ქონება მიეღოთ. ოქმს ხელი მოაწერეს ქანთარიამ, ცხადაიამ და დირექტორმა, ნოტარიუსმა და კი დაამტკიცა. წარმოიდგინეთ, თავად დააყენეს საკითხი და თავადვე მოაწერეს ხელი. ამისთვის ხელი უნდა მოეწერათ სხვა აქციონერებს, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ“,- განაცხადა წულაიამ და აღნიშნა, რომ ამ უკანონო ქმედების შესახებ, მოგვიანებით გახდა ცნობილი.

როგორც „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას თამაზ წულაიამ აღნიშნა, როდესაც სხვა აქციონერებმა აღნიშნული ოქმის შესახებ შეიტყვეს, განგაში ატეხეს.

„თანამშრომლება ეს რომ გაიგეს, განგაში ატეხეს. აქციების მფლობელმა პატრულიც კი გამოიძახა და მოხდა შეხლა-შემოხლა. შემდეგ, დავით როგავამ დაარიგა ფული, დამლაგებელსაც კი გადაუხადა რომ გაეჩუმებინა, მაგრამ ეს საქმე მაინც „გაბაზრდა“ და მივიდა პროკურატურამდე, სადაც ახალაიამ ეს სიტუაცია გამოიყენა და ეს ხალხი პასუხისგებაში მისცა – ცხადაია, ქანთარია, ჯინჯოლავა, ყურაშვილი და ნოტარიუსი.

ანუ, გოროზიასა და ახალაიას შორის მოხდა შეხლა-შემოხლა და აქ “გაიჭყლიტა” როგავა, რადგან მას ეს უკანონოდ ჰქონდა ჩადენილი. ჩემი ციხეში ყოფნის დროს, როგავამ შემომითვალა, რომ აქციები 100 ათასი დოლარის ფასად დამეთმო. მე ჩემი აქციების ფასი ვიცოდი, კონკრეტულად „ენგური“ რა ღირდა, ამიტომ უარი ვთქვი. შემდეგ, დავით როგავა და მისი მეუღლე, ხათუნა კაკაჩია მოსკოვში გაიქცნენ და 5 წელი იქ იყვნენ, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა. ჩამოსვლის შემდეგ, მან ჩემთან შეხვედრა არ ისურვა. მე ვკითხულობდი სად იყო ჩემი ქონება. მას ჩვენთან მორიგება არ უნდა. ჩემს უკან დგანან კიდევ სხვა აქციონერები, ბევრს ძალიან უჭირს. მე  ვაკავებ ყველას – გვინდა, რომ კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ“,- ამბობს ბიზნესმენი.

თამაზ წულაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე უნივერმაღ „ენგურში“ რემონტი მიმდინარეობს და მისი მტკიცებით, დავით როგავა სამომავლოდ აღნიშნული შენობის გაყიდვას აპირებს.

„მათ ეშინიათ, რომ ჩვენ ხელს შევუშლით. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არ მივდივარ, თორემ მეც შემიძლია ამ დანარჩენ აქციონერებს მოვაყვანინო ხალხი და აქცია გავმართო „ენგურთან“, მაგრამ მე მინდა, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცეს. მინდა, ბათილად იცნოს ის ხელშეკრულება, რომელიც ჩემი და სხვა აქციონერების თანხმობის გარეშე გაფორმდა, რაც მათ გვერდის ავლით გააკეთეს. ახლა აკეთებენ რემონტს და დადის ხმები რომ ამის გაყიდვას აპირებენ. დავით როგავას წართმეულს ვერ შევარჩენ, მაგრამ მე მთავრობამ რომ მთხოვოს, ეს მაჩუქეო, ვაჩუქებ რადგან „ქართული ოცნების“ ხელსუფლებაში მოსვლის შემდგომ მე ვცხოვრობ მშვიდად და კაცმა თუ არაფერი დააშვა, ისე არ აკავებენ“,- აღნიშნა თამაზ წულაიამ.

„კვირას“ პრესკლუბში ბიზნესმენის ადვოკატმა მებრძოლი ჭკადუამაც ისაუბრა და იმ ნიუანსებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება.

„მოცემულ შემთხვევაში – სააქციო საზოგადოებაში შედის უნივერმაღი „ენგური“ და არის სხვა ობიექტებიც. თუმცა, აქ მთავარი არის ის, რომ „ენგური“ არის მატერიალურად უმთავრესი. სწორედ ამიტომ იყო მიმართული ძირითადი მოქმედება ამ შენობის დაუფლებისადმი. შენობა შეისყიდა შპს-ს სახელით ორმა აქციონერმა და შემდეგ დააყენეს საკითხი, რომ ცალკე გამოყოფილიყვნენ. აქ იწყება კანონის დარღვევა, საერთო კრებამ განიხილა საკითხი და როდესაც უმრავლესობა უნდა ყოფილიყო, კრებას ესწრებოდა 12 აქციონერი, მათ შორის ცხადაია და ქანთარია და მისი ორი ხელშემწყობი პირი. თამაზ წულაიაც უნდა ყოფილიყო იქ, რადგან 17 %-ის მფლობელი იყო, მაგრამ რადგან ის ციხეში იმყოფებოდა, მისთვის უნდა შეეტყობინებინათ, რომ ტარდება საერთო კრება და უფლება აქვს, თავისი წარმომადგენელი დაასწროს კრებას, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა, ეს უკვე უკანონობაა.

კანონში წერია, რომ რაიმე ერთი ობიექტის გამოყოფა კი შეიძლება, მაგრამ ეს უნდა იყოს იმ სისტემაში და არა სულ დამოუკიდებლად და ცალკე, ანუ „ენგურის“ გამოყოფა მოცემულ მომენტში, ისევ შიგნით კი შეიძლებოდა ცალკე ობიექტად აღრიცხულიყო, მაგრამ საერთო რომ არ ჰქონოდა ამ სააქციო საზოგადოებასთან, ეს არ შეიძლებოდა. ეს იყო უკვე მეორე დარღვევა.

მესამე კანონდარღვევას რაც შეეხება, ცხადაიამ და ქანთარიამ შენობის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს, „ენგური“ მოგვეცით და დანარჩენი თქვენი იყოსო, ის დანარჩენი კი ნულის ფასია. ამ განცხადების განხილვის დროს თვითონვე კრებაში მონაწილოებდნენ და თავის თავს უმტკიცებდნენ, დაკმაყოფილებულიყო განმცხადებლის მოთხოვნა, „გამოყოფოდა „ენგური“ სააქციო საზოგადოება „ზუგდიდვაჭრობას“.  ე.ი. ქანთარიამ და ცხადაიამ თვითონ მოითხოვეს და თვითონვე დააკმაყოფილეს“,- განაცხადა მებრძოლი ჭკადუამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო.

„ჩვენ სამოქალაქო წესით დაყენებული გვაქვს საკითხი, რომ მოხდეს უკანონო ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ჩვენ ვითხოვთ, დადგინდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება – ეს ეკუთვნით მათ, თუ ჩვენ. ვითხოვთ კანონის უზენაესობას და ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მებრძოლი ჭკადუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ აღნიშნული დარღვევები საკმარისია, რათა უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები