ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპაცია უნდა დასრულდეს და ამას ალტერნატივა არ აქვს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც ის მიიჩნევს, მცირე მთავრობის მოდელი მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას, ციხელაშვილის განცხადებით, ურყევი, უცვლელი და თანმიმდევრული პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, ოკუპაცია უნდა დასრულდეს და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი ხედვა, ერთგვარი ანგარიში და სამომავლო პროგრამაც საკომიტეტო მოსმენებზე წარმოვადგინეთ. ყველა მიმართულება, რომელზეც იყო საუბარი, მნიშვნელოვანია. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ურყევი, უცვლელი და თანმიმდევრულია, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება. ის გეგმა და ინიციატივაც, რომელიც წარდგენილი იქნა და საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რა თქმა უნდა, განხორციელდება.

ჩვენი პრიორიტეტია, ეს განხორციელდეს, რადგან მშვიდობას, საზოგადოებების შერიგებასა და იმას, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს, ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის –„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება მცირე მთავრობის მოდელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები