„ქართველი კაცის მსოფლმხედველობა ყოველთვის მართლმადიდებელ სარწმუნოებას ემყარებოდა“

მართმადიდებელ სარწმუნოებას ემყარებოდა ყოველთვის ქართველი კაცის მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე, ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიციებსადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვესწრები დღევანდელ სიმპოზიუმს, რომელიც ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიციებს ეძღვნება. ძალიან მტკიცეა ჩვენს ერში ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია და ამიტომაც სიმბოლურია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი სამეცნიერო სიმპოზიუმი სწორედ საქართველოში იმართება. საქართველოს მთელი ისტორია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქრისტიანულ კულტურაზე დგას. მართმადიდებლობა იყო ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვებდა ქართველ ერს, მის სულიერებას. მართმადიდებელ სარწმუნოებას ემყარებოდა ყოველთვის ქართველი კაცის მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. სიყვარული, მშვიდობიანი თანაარსებობა, შემწყნარებლობა, სათნოება, თანაგრძნობა, – ეს იყო ის ღირებულებები, რაზეც იდგა და რამაც გადაარჩენა მცირერიცხოვანი, მუდმივი მტრის გარემოცვაში მყოფი ჩვენი ერი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებამ გახადა საქართველო ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადარჩენაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ღარიბაშვილმა ამ მისიის შესრულებისთვის პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს გადარჩენაში, მის სულიერ განმტკიცებაში სრულიად განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ერის სულიერების დასაყრდენი. ამ მისიას დღესაც მუხლჩაუხრელად ემსახურება ჩვენი ეკლესია და მისი წინამძღოლი, ერის სულიერი მამა, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, რისთვისაც მადლობა მინდა მოგახსენოთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ აერთიანებთ ჩვენს ერს საკაცობრიო მარადიული ღირებულებების ირგვლივ, რამაც ჩვენი სამშობლო დღემდე მოიყვანა. და ეს ღირებულებები იქნება საქართველოს გაძლიერებისა და გამთლიანების საწინდარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინა. ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დააბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხადა. მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები