სკოლისთვის მზაობის პროგრამა შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სკოლისთვის მზაობის სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიური მასალა შეიქმნება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კლასის პროგრამასთან. მასში ყურადღება გამახვილდება ბავშვის ყოველმხრივ განვითარებასა და სკოლისთვის მზაობის უნარ-ჩვევების ფორმირებაზე.
პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში საერთაშორისო ექსპერტი სტეფან საიფერი იმყოფება, რომელიც ქართველი ავტორებისათვის სემინარებს მართავს. უცხოელი ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციებს სკოლისათვის მზაობის კურიკულუმის შექმნის პრინციპებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უწევს.
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები ეცნობიან და აანალიზებენ ევროპისა და ამერიკის სკოლამდელი განათლების წარმატებულ სასწავლო პროგრამებს, რათა მათი მოწინავე პრაქტიკა ადაპტირებული იყოს ქართულ რეალობასთან და გამოყენებული იქნას აღნიშნულ კურიკულუმში.
ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან World Vision და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები