საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5 ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მათ ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ივნისს, “რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე, ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. სასამართლოს განჩინებით, 5 ბრალდებულს: ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, მიხეილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ლუკა ნ.-ს და გიორგი ო.-ს, მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა – დარჩა უცვლელი.

სასამართლომ, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულები, რომლებსაც ბრალად ედებათ ხულიგნობა, არიან ნასამართლეობის არმქონენი და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, -ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პატიმრობაში დატოვებულ გიორგი ონიანსა და ლუკა ნაცვლიშვილს, საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ადგილი აქვს დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა ორივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.

„ხულიგნობის ბრალდებასთან ერთად, გიორგი ო.-ს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიმართ წარდგენილია ბრალდება ძალადობრივი დანაშაულისათვის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების (ავტომობილი) დაზიანების სახით. ასევე ისინი ბრალდებულნი არიან დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გიორგი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პატიმრობაში დატოვება“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 19 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები