თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგისთვის“ პარლამენტის  ახალი რეგლამენტის პროექტის ინოვაციებზე ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის  პროექტი და მისი თანხვედრა პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისთვის იყო.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, გუშინ პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის ინიცირება მოხდა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და მათი ექსპერტიზის გამოყენებით შეიქმნა.

„ეს დოკუმენტი პარლამენტის საქმიანობას ყველა მიმართულებით გახდის ბევრად უფრო ხარისხიანს, მათ შორის საქმიანობის დაგეგმვის ანუ სამოქმედო გეგმების ანგარიშგების მექანიზმების შექმნის თვალსაზრისით  და ასევე, საკანონმდებლო პროცესის კუთხითაც.  რაც მთავარია, ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთებული გვაქვს საზედამხედველო ფუნქციაზე. ამიტომ, ამ დოკუმენტის შექმნა ხელს შეუწყობს მთლიანად პარლამენტის და სხვადასხვა ერთეულების მუშაობას და მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნებისა და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე სიახლე გააცნო.

მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება აუდიტის სამსახურის მიერ გამოგზავნილი ანგარიშების სისტემატურ რეჟიმში განხილვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, შეიცვლება აუდიტის სამსხურის ანგარიშების შეფასების კონტექსტი, რაც  მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანებისთვისაც რელევანტური იქნება.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საზედამხედველო კუთხით ძლიერდება როგორც კომიტეტების მანდატი და როლი, ასევე  პლენარულ სხდომაზე ამ ფუნქციის განხორციელების ხარისხი.

„ჩვენ ფაქტობრივად არ გვექნება არც ერთი თვის ბოლო პარასკევი, როდესაც პარლამენტში არ გვეყოლება მთავრობის წარმომადგენელი და არ გვექნება პოლიტიკური დებატები“,- განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, ახლა რეგლამენტში გამოკვეთილია საკომიტეტო მოკვლევები, რომელიც  ფაქტობრივად, ყველა კომიტეტისთვის იქნება ძალიან მწყობრი ინსტრუმენტი მათთვის საინტერესო თემებში უფრო სიღრმისეულად გარკვევისთვის. კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს თემატური მომხსენებლების ინსტრუმენტის შემოტანა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტის პროექტით საკმაოდ ძლიერდება როგორც ღია მმართველობის საბჭოს, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს საზედამხედველო მანდატიც.

„რთული და კომპლექსური იყო ამ რეგლამენტზე მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ  დოკუმენტზე შევჯერდით და დიდი იმედი მაქვს, რომ  პარლამენტის წევრები მას მხარს დაუჭერენ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები