„შენების მოძრაობა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია „შენების მოძრაობა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„შენების მოძრაობის სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს: ზაზა სარალიძის მოთხოვნას ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის გამოვლენისა და სამართლიანი სასამართლოს მიერ დასჯის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომელ აქციაზე, რა ფორმით და რა საკითხებთან ერთად იქნება ეს მოთხოვნა დასმული;

ძალადობის და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის ყველა მსხვერპლს, მიუხედავად ძალადობის ჩადენის წლებისა, მოძალადეთა და მათ მფარველთა ვინაობისა;

სიმართლისა და სამართლიანობისთვის საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიური სამოქალაქო ცხოვრების ასპარეზზე ესოდენ მნიშვნელოვანი ღირებულებების დასაცავად გამოდიან.

ხოლო, „შენების მოძრაობის“ მხარდაჭერა არ აქვს:

ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც, 2014 წლიდან მოყოლებული, უარი თქვა ძირითად დაპირებებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დანატოვარი სისტემის შენარჩუნებით ცდილობს მმართველობას და ქვეყანა პოლიტიკურ-ინსტიტუციურ კრიზისში შეიყვანა;

მანკიერი საძალაუფლებო სისტემის შემქმნელ და ნებისმიერ ფასად რევანშის აღების სურვილით შეპყრობილ ყოფილ პრეზიდენტს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს:

სხვადასხვა აქციებისა და კონტრ-აქციების იმ აქტივისტებს, ვინც თავად სჩადიან იმას, რასაც ვითომ გმობენ – საზოგადოებას ყოფენ მტრებად და მამულიშვილებად, ამკვიდრებენ სიძულვილს და შეუწყნარებლობას.

რაც შეეხება თანამშრომლობას, „შენების მოძრაობა“ მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადაა ყველასთან:

ვინც აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში აღარ გავიმეოროთ ბოლო 30 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომები და თავისუფალმა და წარმატებულმა საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ თანამეგობრობაში.

ვინც 2003 წლის ცვლილებების იდეალებისადმი ერთგულების გამო გაემიჯნა პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ლიდერებმა ამ იდეალების საწინააღმდეგოდ აამოქმედეს;

ვინც 2012 წლის ცვლილებების იდეალებისადმი ერთგულების გამო გაემიჯნა ან ემიჯნება პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ლიდერებმა ამ იდეალების საწინააღმდეგოდ აამოქმედეს.

„შენების მოძრაობა“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ხელს შეუწყობს:

მთავარ პროკურორად ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე პრინციპული პროფესიონალის დანიშვნას, რომელიც უახლოეს მომავალში ნათელს მოჰფენს ჩადენილ დანაშაულებებს;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახლა დაკომპლექტებას უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პირებით (საკანონმდებლო ცვლილებების გზით), რათა გაიზარდოს  მართლმსაჯულების სისტემისადმი უკიდურესად შემცირებული ნდობა;

პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას (საკონსტიტუციო ცვლილების გზით), რათა შემდეგი მორიგი თუ რიგგარეშე არჩევნების შედეგად მივიღოთ ხალხის ნების ადეკვატურად ამსახველი დაბალანსებული პარლამენტი, რომელიც სისტემურ ცვლილებებს დაუდებს სათავეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები