პროკურორი ხორავას ქუჩის საქმეზე: მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეკუთვნოდა

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ, – ამის შესახებ პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა: საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი – ჯამში 22 ობიექტი.

„აღნიშნულ საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასწარი გამოძიების ეტაპზე, პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალურ ვადაში, კერძოდ, 40 დღეში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, დაინიშნა და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ჩატარდა ყველა საჭირო სხვა მოქმედება. შევეცდებით კანონის დაცვით მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შედეგად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა: საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი – ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდებულ გ.ჯ.-ს შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა მოკლული დ.ს.-ს და ბრალდებულ გ.ჯ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ). უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ჯ-მ მოკლულ დ.ს.-ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა.

ასევე ამოღებული იქნა სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა შემთხვევის ადგილას მყოფი ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მოკლულების სისხლი, რომელთა განლაგებამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა, დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები