ირანის უმაღლესმა ლიდერმა ევროპას, ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად, 7 პირობა წაუყენა
ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად, შვიდი პირობა წამოაყენა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.
ხამენეის განცხადებით, ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ ირანმა კვლავ შეძლოს ნავთობის რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ირანული ნავთობის გაყიდვას ზიანს მიაყენებს, ის ევროპის სახელმწიფოებმა უნდა აანაზღაურონ. ირანის ლიდერმა ევროპული ბანკებისგან სავაჭრო თანამშრომლობის გაგრძელების გარანტიებიც მოითხოვა. მისი მოთხოვნით, ევროპამ ასევე უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო დაგმობს.
ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი არ აპირებს კონფლიქტის დაწყებას გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან.
„იმ შემთხვევაში, თუ ევროპელები არ გადაწყვეტენ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ირანი იტოვებს უფლებას, განაახლოს ბირთვული პროგრამა“, – აღნიშნა ირანის ლიდერმა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ შეჩერებული სანქციების ამოქმედება დააანონსა.