მაია ბარათაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

23 მაისს,  20:00 საათზე, მაია ბარათაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შემოქმედებითი საღამო  ჯანსუღ კახიძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
უკვე 25 წელია, რაც მაია ბარათაშვილი მსმენელს ძლიერი და ამაღელვებელი ხმით ხიბლავს. მუსიკის სწავლა როგორც პიანისტმა დაიწყო, ხოლო 1995 წლიდან ჯაზური მუსიკით დაინტერესდა და გამოდიოდა კონცერტებით დავითის ჯაზკლუბში. 1998 წელს იგი გახდა თბილისის საკონცერტო ორკესტრის (თბილისის ბიგ-ბენდის) სოლისტი, სადაც დღემდე მოღვაწეობს. ორკესტრთან ერთად იგი დადის გასტროლებზე და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში.
მაიას საკონცერტო გამოსვლების გეოგრაფია მოიცავს გერმანიას, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, მონაკოს, თურქეთს, ისრაელს, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, ლატვიას, ლიტვას, უკრაინას, ბელორუსიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, იგი თანამშრომლობდა იგორ ბრილთან და მიხეილ ოკუნთან (რუსეთი), იორნ სკოგჰეიმთან (ნორვეგია), პეტერ ლეჰელთან (გერმანია), ანსამბლთან “შინი” (გერმანია), რეი კაჩინსკისთან (აშშ), ტონი ო’მეილისთან (დიდი ბრიტანეთი).
მონაწილეობა მიიღო ჯემ-სეიშენებში ისეთ ჯაზის გიგანტებთან, როგორიცაა ჯორჯ დიუკი და რეიჩელ ფერელი, მათი საქართველოში გასტროლების დროს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მაია ბარათაშვილი აღნიშნავს საიუბილეო თარიღს და გამოვა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ვახტანგ კახიძის დირიჟრობით, თბილისის ბიგ-ბენდთან გივი გაჩეჩილაძის დირიჟორობით და თავის ბენდთან – გიორგი მელიკიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები), გიორგი რაქვიაშვილი (ფ-ნო) და გიორგი სამსონაძე (კონტრაბასი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები