კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა. 21 მაისს, ივენთ ჰოლ „ქარვასლაში“ ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობათა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, კონცერტზე მისულ მსმენელს თავიანთი მუსიკალური ტრადიციები და კულტურული თვითმყოფადობა წარუდგინეს. მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელი – მიხეილ მდინარაძე.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ცნობილ მწერალსა და მთარგმნელს გივი შაჰნაზარს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
„კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის“ – 2001 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კულტურული მრავალფეროვნების განვითარების საყოველთაო დეკლარაცია შეიმუშავა, რის საფუძველზეც 2002 წლის 21 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველ წელს აღნიშნონ „კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის“. ამ დღესასწაულის აღნიშვნა მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული ცხოვრებისათვის.