“უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ნარკოპოლიტიკის საკითხს განვიხილავთ, ბიძინა ივანიშვილს პოზიციების დამაახლოებლის როლი აქვს”

„საპარლამენტო უმრავლესობის დახურულ სხდომაზე, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობენ, ბიძინა ივანიშვილს პოზიციების დამაახლოებლის როლი აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მნიშნელოვან ფაზას გაივლის.
„ამ ყველაფერს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს, სახელმწიფო ნარკორეალიზაციის მიმართ უკომპრომისო იქნება, ნარკომომხმარებელთა მიმართ კი პოზიცია ორიენტირებული ზიანის შემცირებასა და იმაზე იქნება, რომ ქვეყანაში ნაკლები ნარკოდამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის გადარჩენა შევძლოთ. ზოგადად, მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ იმ კონტექსტში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებს და საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებიდან გამომდინარე, პარლამენტს გარკვეული ვალდებულებები აქვს. ამ რეგლამენტირებაზე შევთანხმდებით. ძირითადი კონტურები ჩანს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მის დამოკიდებულებაზე თვითონ რომ ისაუბროს, უფრო სწორი იქნება.
„ამ შეხვედრაში მისი ძირითადი როლი პოზიციების დამაახლოებლის როლია. სხვადასხვა პოზიციებს უსმენს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. როგორც იცით, ეს ის თემაა, რაზეც უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. ამ პროცესში მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან განსხვავებული არგუმენტები და მოსაზრებები დაახლოვდეს და ადეკვატურ, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებაზე მოვიდეთ. რაც შეეხება დოზებს, დოზებში გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია. წარმოუდგენლად მცირეა ის დოზები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მცირე ოდენობად ითვლება და განსხვავებული პასუხსიმგებლობა დგება”,-დასძინა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები