ავსტრიაში, ირაკლი კოვზანაძის ვიზიტი დაიწყო
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დღეს ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, კარლ ჰაინცკოფვსა და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდება. შეხვედრისას მხარეები ერთმანეთს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით, მშობლიური ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებენ.
„შეხვედრის მიზანია ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება მთელი რიგი, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. ეს საკითხი ჩვენთვის ამ ეტაპზე საკმაოდ აქტუალურია. მოგეხსენებათ, საცდელად უკვე დავნერგეთ პროგრამული ბიუჯეტის გარკვეული ელემენტები. ავსტრიის გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან და ხელს გვიწყობენ საერთაშორისო დონორებიც“ , – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასასა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვენაში სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორთან, კლემენს გრუნდაკერთან, ასევე ავსტრიის საბიუჯეტო ოფისისა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.