მიხეილ ჯანელიძე: მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში

ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსა და ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში, რაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობაა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს თანამშრომლობაზე, რომელიც ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიდა, მათ შორის გასულ წელს დაწყებული თანამშრომლობით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ასევე ახალ ეტაპზე გადადის ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ურთიერთობასა და სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინსტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყანაშია განხორციელებული და ეკონომიკური შესაძლებლობებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა ამერიკული ბიზნესისთვის, რაც იძლევა საშუალებას, გადავდგათ ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში.
მნიშვნელოვანი იყო განხილვები პლენარულ სესიაზე, რომელიც შეეხო ხალხთაშორის კონტაქტებს და განათლების სფეროში თანამშრომლობას და ჩვენი ურთიერთობები, რომელიც უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ასევე ჩვენ რა თქმა უნდა შევეხეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან, კონკრეტულად კი, ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის. აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით. დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას, რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში 23 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები