ძმები, რომლებიც ტყვიავში დაჭრეს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ

ძმები, რომლებიც გუშინ გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაჭრეს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე, ასევე ტყვიაველი, 27 წლის მამაკაცი ამხილეს. მიუხედავად იმისა, რომ პირმა ურთიერთშელაპარაკებისა და ძმების დაჭრის ფაქტი აღიარა, ის დაკავებული არ არის. როგორც შს სამინისტრო განმარტავს, ამ ეტაპზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, ცივი იარაღი თავდაცვის მიზნით იყო გამოყენებული თუ არა.
უწყების ინფორმაციით, ძმების დაჭრაში ბრალდებულ, 27 წლის მამაკაცს, სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნება.
თუ დაჭრილი ძმები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვევა რომ მხილებული პირი თავს იცავდა, მას ბრალი შეუმსუბუქდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დაკავება. დამატებითი დეტალების გარკვევამდე შსს-ს არ აქვს უფლება მხილებული პირი დააკავოს.
„შსს-მ მომხდარი რამდენიმე საათში გახსნა. მხილებულია ერთი პირი – 27 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება. ის შემთხვევის ადგილიდან თავისივე ავტომობილით მიიმალა, თუმცა, მხილების შემდეგ მან დანაშაული აღიარა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ცივი იარაღიც ამოიღო. თუმცა, დაჭრილი ძმები ჩვენთან არ თანამშრომლობენ და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ. მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს იყო თუ არა დანის გამოყენება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყვიავში, ფლავისკენ მიმავალ გზაზე ამავე სოფლის მაცხოვრებლები, ძმები 20 და 22 წლის ბიჭები დაჭრეს. ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია გუშინ ღამეს, კლინიკა “გორმედში“ ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები