„მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

საჩხერის მუნიციპალიტეტის „მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ეს კატეგორია ძეგლმასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 11 მაისის ბრძანებით მიიღო.
ციხე აგებულია მაღალი მთის ქიმზე. სამხრეთიდან ფრიალო კლდითაა დაცული, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კი დამრეცი ფერდობებით. მისასვლელი გზა დასავლეთიდანაა, შემდეგ ჩრდილოეთით უვლის და აღმოსავლეთი მხრიდან ადგება ციხეს. ციხე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე.
ციხე ქიმის რელიეფს მიუყვებოდა. შედგებოდა ორი ნაწილისგან: ქვედა ციხე და ზედა ციხე (ორ ტერასაზეა განლაგებული). ციხეს ერთი შესასვლელი ჰქონდა აღმოსავლეთიდან, რომელთანაც მისასვლელად კლდეში გამოკვეთილი იყო კიბეები. ქვედა ციხე შედგებოდა:
1. აღმოსავლეთის ორი სწორკუთხა ზემოთკენ შევიწროვებული კოშკისგან, რომლებიც გალავნის აღმ. კედლის კიდეებში იდგა. მათგან ჩრდილოეთის კოშკის პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებდა; 2. სამხრეთის კედლის შუაში ჩადგმული მართკუთხა კოშკი-სასახლისგან; 3. სამხრეთ-დასავლეთ კიდეში მდგარი სწორკუთხა, ზევითკენ შევიწროვებული კოშკისა და ჩრდილო-დასავლეთის მრგვალი კოშკისგან; 4. ეზოში მდგარი კარის დარბაზული ეკლესიისგან და 5. ღია მარნისგან. ზედა ციხე მოიცავდა სამხრეთის და ჩრდილოეთის ყრუ კედლებს, რომლებიც გრძელდებოდა ქვედა ციხის დასავლეთის კოშკებიდან და დასავლეთის ბოლოში ერთმანეთს უერთდებოდნენ ერთი ზურგიანი, ზემოთკენ შევიწროვებული კოშკით.
კოშკები სამ და ოთხსართულიანები ყოფილა. კედლებში დატანებული ჰქონდა სათოფურები და თაღჩები.
გალავნის კედლები ორნაწილიანია. ქვედა ნაწილი ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში გასდევს ვიწრო სარბენი ბილიკი და კედლებში ჩართულია სათოფურები.
კარის ეკლესია დარბაზულია. დარბაზი კვადრატულია, აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ღრმა აბსიდი ერთვის. აბსიდის ღერძზე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა.
ქვედა ციხის ეზოში მდებარეობდა ღია მარანი და მიწაში ჩაშენებული წყლის რეზერვუარი.
ციხის აშენებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა: პაპუნა წერეთელს მოსწონებია აბაშიძის ქალი, მაგრამ თავადს მისთვის უარი შეუთვლია – უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ გავატანო. პაპუნა წერეთელს ქალის მოსაპოვებლად მთაზე ციხე აუგია და შეუთვლია სასიმამროსთვის მოდი და ნახეო. აქედან მოდის ციხის სახელიც.
ვახუშტი ბატონიშვილი ციხეს მაგარს მტრისგან უბრძოლველს უწოდებს. ამ თავდაცვისუნარიანობის გამო იყო, რომ „მოდინახეს“ ციხეში 1766 წ. ოსმალთა შემოსევის დროს თავს აფარებდა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ოჯახთან ერთად. მოდინახეს ციხე წერეთლების საკუთრება იყო, მაგრამ 1967 წლიდან მათ ციხე მეფეს გადასცეს, თუმცა მალე ისევ წერეთლებმა დაიბრუნეს და ბოლოს, პაპუნა წერეთელს დარჩა. 1810 წლისთვის „მოდინახეს“ ციხე რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ იმერელთა თავშესაფარი იყო, მაგრამ აჯანყების დამარცხების შემდეგ აქ რუსის ჯარი ჩადგა.
ციხის ქვემოთ, მთის სამხრეთ ფერდზე 1966-1970 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღ. ჯ. ნადირაძე) გამოვლენილია ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარების კვალი კერამიკული ნაწარმით, საბრძოლო იარაღითა და იატაკის ნაშთით. აქვე შესწავლილია ადრეანტიკური, ელინისტური და გვიანანტიკური ხანის სამარხები. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. გვიანანტიკურიდან მოყოლებული მთელი შუა საუკუნეების მანძილზე აქ ადამიანის აქტივობის კვალი ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები