რაჭაში დარიშხანშემცველი ნარჩენების კონსერვაცია განხორციელდება

     გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამბროლაურის რაიონში არსებულმა სამთო-ქიმიურმა საწარმოებმა 90-იანი წლების დასაწყისიდან შეწყვიტეს მადნის ამოღება, გადამუშავება და ფუნქციონირება, რის შედეგადაც დარიშხანშემცველი ნარჩენებით ბინძურდება გარემო და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება ჰოლანდიის მთავრობასთან და შედეგად დამტკიცდა პროექტი “დარიშხანის სამთო ნარჩენების მართვა საქართველოში”. პროექტის ფარგლებში განხორციელებული შეფასებებიდან გამომდინარე, დაბინძურების რისკების მოხსნის მიზნით დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვაციის (სამარხების მოწყობა გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით) ღონისძიებების განხორციელება მოხდება.
პროექტის თანახმად, ამბროლაურის რაიონში უნდა მოეწყოს ორი სამარხი – თითოეული 10 ათასი მ3-ის მოცულობის. ერთი სამარხი მოეწყობა ურავი 1-ზე, სადაც განთავსდება დარიშხანშემცველი ნარჩენები და დაბინძურებული შენობების ნანგრევები. მეორე სამარხი მოეწყობა ურავი 3-ზე, სადაც განთავსდება ამავე საიტზე არსებული და ასევე ურავი 4-ზე არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენები და დაბინძურებული შენობების ნანგრევები. ურავი 2-ზე მიზანშეწონილია არსებული ძველი სამარხის შეკეთება და მდინარე ლუხუნის მხრიდან ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები