ლალი ციპი მიხაელის პოეტური კრებულის – „50 ლექსის“ წარდგენა გაიმართება
15 მაისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლის სააქტო დარბაზში, ისრაელელი პოეტის, ლალი ციპი მიხაელის პოეტური კრებულის – „50 ლექსის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებული „ნ. დუმბაძის გამომცემლობის“ მიერ დაიბეჭდა. საღამოს მოდერატორია ქეთევან დუმბაძე.
ლალი ციპი მიხაელი
დაიბადა 1964 წლის 20 მარტს საქართველოში, სენაკის რაიონში. 7 წლის იყო, როცა მისი ოჯახი სხვა ებრაელებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. დაამთავრა ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის მსოფლიო ლიტერატურის ფაკულტეტი და დღეს თავად ასწავლის ენასა და ლიტერატურას ბენ გურიონის უნივერსიტეტში.
არის 5 პოეტური კრებულის ავტორი, უძღვება ლიტერატურულ პროექტს სახელწოდებით: „ვიდეო-არტ პოეტიკა“. მისი ნაწარმოებები იბეჭდება ისრაელის ყველაზე პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს 12 ენაზე. ცნობილმა ისრაელელმა კრიტიკოსმა, გაბრიელ მოკედმა მას თელ-ავივის ეროტიკულ-ქალაქური პოეზიის სახე შეარქვა, თავად პოეტი კი თავს ე.წ. რეზისტენტული პოეზიის მიმდევარს და ერთგულ გამგრძელებელს უწოდებს.