“ღვინო ყველასათვის, ყველა ღვინისთვის“- ახალი ღვინის ფესტივალმა ღვინის მოყვარულები გააერთიანა

მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით გამართულ, რიგით მე-9 ახალი ღვინის ფესტივალზე, 13 ბოლნისური საოჯახო მარანი 26 სახეობის ღვინით წარსდგა.

განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, არომატებითა და ხარისხით გამორჩეული ბოლნისური ღვინოები, რომლებიც ძველი ქართული ტრადიციული წესით ქვევრშია დაყენებული, როგორც პროფესიონალმა მეღვინეებმა, ასევე მოყვარულებმა და ტურისტებმა დააგემოვნეს.

მთაწმინდის პარკში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები დაეგემოვნებინათ და შეეძინათ. სულ წარმოდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

“ფესტივალის იდეა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ყოფილიყო რეგიონიდან იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რეგიონში იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. სამწუხაროდ საბჭოთა პერიოში ბევრგან მივიწყებას მიეცა ეს ტექნოლოგიები. ბოლნისი განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მხრიდან იმიტომ, რომ ეს ისტორიული მხარე არის საინტერესო არამარტო თავისი ისტორიული ძეგლებით, არამედ მეღვინეობით. სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ფესტივალზე იზრდება ბოლნისური ღვინოების რიცხვი, მონაწილეთა რაოდენობა და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მათ განვითარებაში“,- განაცხადა ფესტივალის დირექტორმა იაგო ბიტარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები