კაფე “გალერის” დაცვის სამსახურის უფროსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს (ვიდეო)

“კვირას” ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი კლუბის დაცვის წევრი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დააკავეს, კლუბ “გალერის” დაცვის სამსახურის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილია. იგი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც დაკავებულის ადვოკატი – ხათუნა ხურცილავა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კაფე “გალერისთან” დააკავეს, რომლისთვისაც, მისი თქმით, ჯერ-ჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მოხდა შპს “გალერისთან“ ახლოს, ის შენობაში არ იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა ის დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში. კაფე “გალერიში”, მთელი ღამის განმავლობაში, ჩხრეკა მიმდინარეობდა. მოხდა რაღაც ნივთიერების ამოღება, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, რა ნივთიერებაა. იქ არის დერეფანი, რომლითაც გადიხარ ეზოში. დერეფანში სველი წერტილებია. მე პირადად გავიარე იმ ადგილზე და რაიმე ნარკოტიკი არ იყო. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება, რომ რაღაც ნივთიერებაა იატაკზე, რაზეც შეიძლება სამჯერ გადამევლო და იმას აუცილებლად შევამჩნევდი. ამბობენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს. მე საქმის მასალები არ გადმომცემია, რომ სრულყოფილად შევისწავლო და მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. სახლში ჩატარდა ჩხრეკა და არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ამოუღიათ. როგორც ვიცი, 21 მარტიდან მიმდინარეობდა მიყურადება, თვალთვალი, ჩაწერა კაფე „გალერიში”, მათ აქვთ, როგორც ამბობენ, მტკიცებულებები, რომლის შესახებაც მე არ ვიცი”, – განაცხადა ხურცილავამ.
ხურცილავას ინფორმაციით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა და სისხლში არაფერი აღმოსჩენია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები