“ბასიანთან” გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენიმე პირი გათავისუფლდა

თბილისში, კლუბ “ბასიანთან” გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი გათავისუფლდა. როგორც ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, გათავისუფლებულები „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომელი – გიორგი ჭინჭარაული და ბრიტანეთის მოქალაქე – მაილო ტრავერსი არიან. მისი ინფორმაციით, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
„ისინი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. დაკავებულები საგარეჯოში წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი, ჯერ უცნობია“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში, აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს, თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები