„თქვენ არა მხოლოდ პორტრეტი დააბინავეთ, არამედ თვით გურამ შარაძე დაუბრუნეთ მის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმს“

ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარმა ცისანა ჯანაშვილმა ქართული ემიგრაციის მუზეუმს მისი დამაარსებლის, გურამ შარაძის პორტრეტი უსახსოვრა. ამის შესახებ მუზეუმის დირექტორი, რუსუდან კობახიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„კიდევ ერთი დიდი საჩუქარი ნიუ-იორკიდან! ქალბატონმა ცისანა ჯანაშვილმა თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს მისი დამაარსებლის, ბატონი გურამ შარაძის პორტრეტი უსახსოვრა!
მდიდარია ქალბატონი ცისანას მიერ შექმნილი ქართველ მამულიშვილთა პორტრეტების გალერეა – დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ზვიად გამსახურდია, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, ტიციანი, ტერენტი გრანელი, ლევან გოთუა, გრიგოლ რობაქიძე … ეს არასრული სიაა!
და გურამ შარაძე!
„მიხარია, რომ გურამ შარაძის პორტრეტი თავის დაარსებულ მუზეუმში ბინავდება!“ – მწერს ქალბატონი ცისანა პორტრეტთან ერთად გამოგზავნილ ბარათში.
ჩემო ძვირფასო ქალბატონო ცისანა, თქვენ არა მხოლოდ პორტრეტი დააბინავეთ, არამედ თვით გურამ შარაძე დაუბრუნეთ მის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმს!
სიტყვები უძლურია იმ მადლიერებისა და სიხარულის გამოსახატავად, რაც ჩვენ დაგვეუფლა!
ღმერთმა დაგილოცოთ მარჯვენი, ღმერთმა გაგაძლიეროთ, სულისა და ხორცის სიმრთელე მოგცეთ!
იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ!“ – წერს რუსუდან კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები