უკრაინელი დიზაინერისა და ქართველი მხატვრების ერთობლივი პროექტი – „არტსამოსი“ გაიხსნა

გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში გამოფენა „არტსამოსი“ გაიხსნა. „არტსამოსი” უკრაინელი დიზაინერის და ქართველი მხატვრების ერთობლივი პროექტია.
ორგანიზატორის ინფორმაციით, სამოსი წარმოდგენილია, როგორც ხელოვნების ნიმუში, მხატვრის ტილო, ნახატი.
დიზაინერის ჩანაფიქრია შექმნას სამოსი-ნახატი, რომელიც შეიძლება მივიღოთ, როგორც ექსკლუზიური ჩასაცმელი კონკრეტული ღონისძიებისთვის და როგორც ნახატი კედელზე.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უკრაინელი დიზაინერის, ვლადიმერ უმანენკოს კოსტიუმები მოხატეს.
მხატვრებმა სამოსზე ცნობილი ქართველი მსახიობები, მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები დახატეს.
„უკრაინელმა დიზაინერმა ვლადიმერ უმანენკომ თავისი კოსტიუმები, ქართველ მხატვრებს მოსახატად, უსასყიდლოდ გადმოსცა. ნამუშევრებზე ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები არიან წარმოდგენილი და ვფიქრობ, რომ ამ პროექტით, მათი ცნობადობა ახალგაზრდებში კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, სტუდენტებისთვის უკრაინელ ხელოვანებთან ერთად მუშაობა საინტერესო გამოცდილება იყო”, – განუცხადა „პირველ არხს“ გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის კურატორმა ნიკა ნუცუბიძემ.
ქართულ პროექტში, რომელიც ჩატარდება თბილისში, მაისის თვეში, გამოფენილი იქნება ცნობილი ქართველების პორტრეტები. პროექტი ტარდება თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.
ქართულ-უკრაინულ პროექტში 30-მდე მხატვარი ჩაერთო. გამოფენა მალე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს. უკრაინელი დიზაინერისა და ქართველი მხატვრების ერთობლივი პროექტის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები