ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა – Spirits გაიხსნება
7 მაისს, 18:30 საათზე, „თი-ბი-სი არტგალერეაში“ ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა – Spirits გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ეგიდით გაიმართება.
კურატორი: ქეთევან კორძახია.
ლევან ხერხეულიძე: „ამ სერიას Spirits დავარქვი. ამ სიტყვის ქართული შესატყვისებიდან, მის არსს ყველაზე უკეთ, ალბათ, “სულიერი განწყობილება” გადმოსცემს. ვეთანხმები ფოტოგრაფ ედვარდ შტაიხენს, რომელმაც თქვა: „ფოტოგრაფიის ამოცანაა, ადამიანს ადამიანი აუხსნას და ყოველ ადამიანს — თავისივე თავიო”. მიყვარს ადამიანზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად, ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი. არსებობს მესამე კომპონენტიც — ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში“ .
ლევან ხერხეულიძემ 1994 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2002-2005 წლებში მუშაობდა გაზეთ „24 საათში”, როგორც ფოტოგრაფი. 2005-2013 წლებში იყო პოპულარული ჟურნალის, „ცხელი შოკოლადის” ფოტოგრაფი. 2009 წლიდან თანამშრომლობს გამოცემა „ლიბერალთან”, როგორც ფოტორედაქტორი და ფოტოგრაფი. 2005 წლიდან დღემდე მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. მოაწყო პერსონალური გამოფენები საქართველოსა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.