ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა – „მეოცე საუკუნე“ გაიხსნება
8 მაისს, 19:00 საათზე, ფოკლორის ცენტრში, ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა „მეოცე საუკუნე“ გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ეგიდით გაიმართება.
პროექტის მენეჯერია: გოგა ჩანადირი
ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა წელს არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესდა. გადაიღო მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში. საქართველოს თემაზე არაერთი წიგნი გამოსცა, რისთვისაც სხვადასხვა ჯილდო და პრემია დაიმსახურა. ფოტოგამოფენები მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოაწყო. წარდგენილია პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიაზე.