ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წინააღმდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13 მარტის განჩინებას ხვალ გაასაჩივრებს და მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “ ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„რამაზ ავხლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძულებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე, პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა.
წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოერთვა.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ ბათილად არ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის N713 განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები საფუძვლიანია, თუმცა მათი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლები მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადების არსებობა გახდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში რამაზ ახვლედიანი საკასაციო საჩივარს 11:30 საათზე შეიტანს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები