გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასთან საქართველოს მხარდასაჭერი აქტი განიხილა

“აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციები საქართველო – ამერიკის ურთიერთობების მომავალი პერსპექტივებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”,- აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

შეხვედრისას, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც საქართველო მუდმივად გრძნობს შეერთებული შტატებისგან და იმ განცხადებებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად კეთდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დიდი დრო დაეთმო საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივის შესახებ საუბარს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო ახალ დონეზე უნდა აიყვანოს.

“კიდევ ერთხელ, აშშ-ის ორივე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა პრინციპული დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველო – ამერიკის ურთიერთობებში არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების რესურსი”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები