ირაკლი კობახიძე: ჩვენი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მივაღწევთ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს

„ძალიან მნიშვნელოვანია ფორმალიზება ინსტიტუციური დიალოგისა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე – „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი” – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელება ხელისუფლების პრიორიტეტია.

„დეცენტრალიზაცია ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი საქმიანობის, ჩვენი რეფორმების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამას მიეძღვნა საგანგებო ღონისძიებებიც, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად უნდა ამაღლდეს დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში, რაც ნიშნავს, თავისთავად, მმართველობის სისტემის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას, ეს არის უმთავრესი მიზანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისათვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, დეცენტრალიზაცია, კლასიკური გაგებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის უფლებამოსილებისა და ფინანსების გადაცემას ნიშნავს და სტრატეგიის მიზანი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაფართოება და ფინანსური რესურსების გაძლიერება უნდა იყოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ამ პროცესს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენ მზად ვართ, ყველა ეტაპზე ჩავერთოთ ამ დოკუმენტის შემუშავებაში და ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, სხვადასხვა უფლებამოსილება გაფართოებას საჭიროებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების და ადგილობრივი თვითმმართველობების სათანადო ადამიანური რესურსებით აღჭურვის მნიშვნელობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანა არის, რომ სულ მცირე, 7%-ი შეადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ხვედრითმა წილმა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რამდენჯერმე გაიზრდება ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლები. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას, ეს ნიშნავს უკეთეს მომსახურებას ჩვენი მოქალაქეებისათვის, ეს ნიშნავს მუნიციპალური უფლებამოსილებების უკეთეს განხორციელებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემასთან ერთად, აღიჭურვონ ადგილობრივი თვითმმართველობები სათანადო ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადებისა და გადამზადების სათანადო კონცეფციის არსებობა და ესეც უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთგვარი ქვაკუთხედი მოქალაქეთა მონაწილეობაა.

„ბუნებრივია, თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მოქალაქეები თვითონ, თავად აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს. შესაბამისად, მოქალაქეთა მონაწილეობა არის ერთგვარი ქვაკუთხედი ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობისა. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ესეც უნდა იყოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით, მოწესრიგებული კანონმდებლობა აქვს და ის შესაბამისობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო განმტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებებით და ახლა მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს.

„დეცენტრალიზაციის კუთხით, ჩვენ გვაქვს მოწესრიგებული კანონმდებლობა, რომელიც არის შესაბამისობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს და ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის ხარისხის ამაღლება უკვე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და ზუსტად ამას ეძღვნება ის სამუშაო, რომელიც ხორციელდება და წარიმართება არსებითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს პარლამენტის, კონკრეტულად კი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის როლზე გაამახვილა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლი და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, საბოლოოდ, აუცილებლად მივაღწევთ დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები