რიმა ბერაძის ინიციატივით, სახალხო ღონისძიება – „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ წელს მეორედ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ქართველებისა და უკრაინელების ერთობლივი სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელიც კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას და მეგობრობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. ღონისძიება სახელწოდებით – „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა. ამ ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და მაჟორიტარის გადაწყვეტილებით, ის ყოველ წელს გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, კიევის ქუჩა ორი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკით გაფორმდება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოში მოქმედი უკრაინული ბიზნესსექტორის საქმიანობას, უკრაინულ კულტურასა და ტრადიციებს გაცნობოდნენ.

კიევის ქუჩაზე რამდენიმე გამოფენა გაიმართა, მოეწყო უკრაინული ტექსტილის, ხელნაკეთი ნივთების ჩვენებები, ასევე, მასტერკლასები და დეგუსტაცია, შესრულდა მუსიკალური ნომრები. ღონისძიებაში მონაწილეობა კიევის ქუჩაზე მდებარე სკოლამდელი აღზრდის, სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს. სპეციალურად ამ დღისთვის, კიევიდან ბავშვთა ანსამბლიც ჩამოვიდა. გაიმართა ქართულ-უკრაინული წყვილის ქორწინების ცერემონია.

რიმა ბერაძის განცხადებით, „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ ყოველწლიურად გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, შემოდგომაზე, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ბაქოს ქუჩაზე პირველად გაიმართება ღონისძიება „აზერბაიჯანული შემოდგომა“.

“დღევანდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობას. თბილისი ძალიან ტოლერანტული ქალაქია, ჩვენი მოსახლეობის 17% ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები არიან, ამიტომ ასეთი სახის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, გამგეობა და საკრებულო უკრაინის საელჩოსთან აქტიურად თანამშრომლობს.

„უკვე მეორედ ვზეიმობთ კიევურ გაზაფხულს კიევის ქუჩაზე. უკრაინის საელჩოსთან ერთად, ამ ღონისძიების ფარგლებში, კიევიდან ჩამოტანილი ნერგები დავრგეთ“, – განაცხადა გამგებელმა.

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებით, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ყოველთვის თბილი და მეგობრული იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, უკრაინის საელჩოსა და დიასპორის თანამონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაში ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, უკრაინის ელჩი საქართველოში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი. ღონისძიების ფარგლებში, დღის ბოლოს, აღმაშენებლის გამზირზე კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები