თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ბნელი ხევის ეკლესიას” კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე VIII-IX სს ე.წ. „ბნელი ხევის ეკლესიას”  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი მან  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის  17 აპრილის  ბრძანებით მიიღო.
ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც მდ. ხრამის მარცხენა მხარეს არსებული ბნელი ხევის სიახლოვის გამო „ბნელი ხევის ეკლესია“ ეწოდა, ფიტარეთის მონასტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3,5 კილომეტრის მანძილზე, ტყით დაფარული ქედის თხემზე მდებარეობს. ამ ეკლესიის თუ მცირე მონასტრის შესახებ ცნობები არც ისტორიულ წყაროებში, არც სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც უცნობია მისი სახელი.
ეკლესია თავისი სამხრეთი მინაშენი -კარიბჭით ძლიერაა დანგრეული, ირგვლივ მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები; ეს მასალა ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.
კლდის ნამტვრევი ქვის თანაბარი რიგების წყობით ნაგები დარბაზული ეკლესიის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა. შენობას აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში ორი – ფართე, პარალელურგვერდებიანი სარკმელი აქვს.
ეკლესიის აფსიდის მოხაზულობას მცირე ნალისებურობა აღენიშნება, მის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა გამოყვანილი; შემორჩენილი კონქის თაღი უხეიროდაა ნაგები და ზემოდან დაბრტყელებულ რკალს შემოწერს. ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, საკურთხევლის აფსიდში ნალესობაზე შეიმჩნევა მლოცველების ამოკაწრული ასომთავრული და მხედრული მინაწერები.
აღმოსავლეთით მდებარე მოდელს – ნიამორის რელიეფური გამოსახულება ამშვნებს. კარნიზის ერთი მონაკვეთი ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელზე.
ეკლესია, სავარაუდოდ, VIII-IX საუკუნეებშია ნაგები.
„ბნელი ხევის ეკლესიას“, სავარაუდოდ, XIII ს-ში, სამხრეთიდან მიაშენეს დასავლეთიდან – აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული, ორკალთად გადახურული, სწორკუთხა გეგმის კარიბჭე (ზომები: 6,30 X 4,30 მ), რომელიც სიგრძით ეკლესიის შვერილი აფსიდის დასაწყისამდე ვრცელდება. კარიბჭე, სხვადასხვა ზომის რუხი ნათალი ქვითაა ნაგები, მისი კამარა ჩრდილოეთით, ეკლესიის კედელზე მიდგმულ მზიდ თაღებს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია გაჭრილი.
ეკლესიასა და კარიბჭეს შორის, წვიმის წყლის სადინარი ქვაში ნათალი ღარები იყო დამონტაჟებული.
კარიბჭის კამარისა და სამხრეთ კედლის ნანგრევის ნაწილი სამხრეთითაა დაგროვილი, რაც, ვფიქრობ, მიწისძვრის ძლიერი ბიძგით უნდა იყოს გამოწვეული, ნაწილობრივ გადაქცეულია ასევე ეკლესიის ჩრდილოეთი კედელიც, კამარის ნანგრევი კი ეკლესიაშივე ყრია.
ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტულია ადრეული შუა საუკუნეების სტელათა დეკორირებული ფრაგმენტები, მათი ნაწილი მუქი წითელი ფერისაა და სტილით დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაგზაურის კომპლექსის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ სტელათა ფრაგმენტებს მოგვაგონებს.
ეკლესიის ჩრდილოეთით შენობის, სამხრეთით კი გალავნის კვალი იკითხება, რაც მიგვანიშნებს, რომ აქ მცირე მონასტერი ფუნქციონირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები