მამუკა მდინარაძე: არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას

ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის კომენტართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალებებზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასება იყო.
„სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით. ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას. ურჩევნიათ არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის, შეწყალებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აღნიშნულ საკითხს არგუმენტირებული პასუხი უნდა გასცეს.
„პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, ნაცვლად სპეკულაციებისა, მართებს ასეთივე არგუმენტირებული პასუხი გასცეს იმას, რაც განაცხადა არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ მრავალმა დეპუტატმა.
როდესაც მეორე მხრიდან მიდიოდა სპეკულაციური საუბარი, რომ ვიღაცას შეუზღუდეს თავისუფლება და ეს იყო რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირების ფონზე, მოდით, ნუ შეგვიზღუდავს ნურავინ ასეთი პოლიტიკური შეფასებების საშუალებას. კეთილი ინებონ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს სამართლებრივი პროცედურების დაწყებას პრეზიდენტის მიმართ და პასუხი გასცენ პოლიტიკურ შეფასებაზე არგუმენტებით, თუ ასეთი არსებობს“, –აღნიშნა მდინარაძემ.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი. ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები