ბიზნესმენ კახიძის მკვლელობის საქმე გახსნილია – შსს-მ ბრალდებულზე ძებნა გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმე გახსნილია.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ჩ.-ზე ძებნა გამოაცხადა.
პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
მოწმის სახით ათეულობით პირი გამოიკითხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე, N1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნ.კ. და სხეულზე დაზიანება მიაყენა ამავე ბინაში მყოფ ქალბატონს – თ.ბ.-ს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები – მაკაროვის და ბერეტას სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა.
ამ დროისთვის, გ.ჩ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე, 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე 21 მარტს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები