პირს, რომელიც ადამიანებით ვაჭრობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს-ს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარში, საქართველოში ყოფნის დროს, გ.ს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განზრახვით, უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ.-ს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, თითქოსდა, სამუშაოზე დასაქმებას დაჰპირდა. გ.ს.-მ მ.ხ. მოატყუა, რომ ქ.ბათუმში რესტორანში მიმტანად დაასაქმებდა და მაღალი ანაზღაურება ექნებოდა.
2018 წლის 4 თებერვალს, გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგაც ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბში, რესტორნებში და სასტუმროებში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.
ვინაიდან გ.ს. მიემალა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით).
2018 წლის 3 მაისს, გ.ს-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. მისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები