შსს-ს წარმომადგენელი: “გირჩის” წევრები ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს

“გირჩის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა, მათ პოლიციელებს არ მისცეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.

დოჭვირის განცხადებით “გირჩის” წერები პოლიციის განყოფილებაში შესვლას ცდილობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს.

“გირჩის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ პოლიციელებს არ მისცეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, კერძოდ კი იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. ეს ქმედება მათ გააგრძელეს პოლიციის განყოფილებასთან. ისინი ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და 3 ადამიანი გამოვავლინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენაზე.
უნდა გავიგოთ ყველამ, რომ როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ყველა მოქალაქე ვალდებულია მას დაემორჩილოს.”-აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა გირჩის წევრები ოფისთან გუშინ დააკავეს, უწყებამ მოგვიანებით მათ დაკავებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. შსს-ს განმარტებით “გირჩის” წევრებმა სამართალდამცავებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. დღესვე მოსამართლემ “გირჩის” ორი წევრი – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი 10 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა, რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს მას ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები