ირაკლი კობახიძე: შარშან გვქონდა 5 %იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი

„საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმ სოციალურ ფონს, რომელიც არის სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული საქართველოში, იყენებს ბოროტად, სპეკულირებისათვის, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენებისას, მძიმე იყო სოციალური თემით სპეკულირების მოსმენა. ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ყველაფერი კეთდება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დასაჩქარებლად. ასევე, მისივე განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით, 100 ათასით გაიზარდა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი თვისებრივად იზრდება, ასევე, საქართველოში დაფიქსირებულია დასაბეგრი შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.

„ძალიან მძიმე იყო ასევე სოციალური თემით სპეკულირების მოსმენა. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე მაცივარი ყოფილა საუკეთესო სტატისტიკა, საუბარი იყო არასათანადო შრომის პირობებზე. ეს საკითხი კოლეგებმა განმარტეს. შეუძლებელი ქვეყანაში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი არ აღემატება 4 ათას დოლარს, იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული ცხოვრების პირობებით სამწუხაროდ, თითოეული მოქალაქე. ეს არის უბრალოდ შეუძლებელი, ეს არის მარტივი ეკონომიკური აქსიომა, რაც უნდა იცოდეს, ბუნებრივია, ნებისმიერმა ეკონომიკაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა, ეს მით უმეტეს უნდა იცოდეს საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ დაგვრჩა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა წინა ხელისუფლების მხრიდან, კიდევ უფრო დაბალი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, 2012 წლისათვის საქართველოში, ანუ, ეკონომიკა იყო სუსტი.

თანდათანობით ეკონომიკა იზრდება შარშან ჩვენ გვქონდა 5 პროცენტიანი ზრდა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში და ევროპის მასშტაბით, ჩვენ უფრო მეტი გვინდა რა თქმა უნდა, თუმცა, ესეც არის მაღალი მაჩვენებელი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

აისახება თუ არა ეს მოსახლეობაზე, მაცივრის შედარება რომ მოვიყვანოთ, არის ასეთი სტატისტიკური მონაცემები: თბილისში მაგალითად, 2012 წლის შემდეგ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა. ბუნებრივია ავტომობილების შეძენა შეუძლებელია, თუ ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ზრდა არ გაქვს მოსახლეობაში. მარტივი შედარება და მაგალითი რომ მოვიყვანოთ.

ასევე დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი საქართველოში. მაჩვენებელი არ არის ჯერ კიდევ ოპტიმალური, მაგრამ თვისებრივად იზრდება.

ადამიანები იხდიან 71%-ით მეტ საშემოსავლო გადასახადს, ვიდრე ისინი იხდიდნენ 2012 წელს. ანუ, აქაც გვაქვს შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოში დაფიქსირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 6 მილიარდით არის გაზრდილი ფიზიკური პირების დასაბეგრი შემოსავლები.

ეს უნდა იცოდეს საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი სამწუხაროდ იმ სოციალურ ფონს, რომელიც არის სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული საქართველოში, იყენებს ბოროტად, სპეკულირებისათვის, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა.

ეკონომიკაში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა იცის, ის, რომ ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი იმისათვის, რომ სრულად აღმოიფხვრას სიღარიბე. აქედან გამომდინარე, სიღარიბეზე აპელირება და ამით სპეკულირება არის უბრალოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. რაც ძალიან ცუდია. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური სპეკულირებდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები