სიმონ ნოზაძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: ძნელია შემაჯამებელი უწოდო ამ გამოსვლას

დეპუტატ სიმონ ნოზაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში ბევრ ხარვეზს შეიცავდა.
,,პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტის წინაშე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში, მით უმეტეს, ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება 5-წლიანი ცხოვრების შემაჯამებელი გამოსვლა.
ძნელია შემაჯამებელი უწოდო ამ გამოსვლას, თუმცა რამდენიმე მესიჯი იყო საინტერესო და ზოგიერთ მათგანს მეც შევეხები. კადრებზე იყო საუბარი. მათ შორის, ინდივიდებზე, რომლებიც 2012 წლამდე მუშაობდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. კადრების პრობლემა მართლაც არსებობს, განსაკუთრებით მათი აღზრდისა და მომზადებისადმი სისტემური მიდგომის თვალსაზრისით.
ბატონო პრეზიდენტო, თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ცალკეული ინდივიდების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, იგი რეაგირებისათვის სათანადო სტრუქტურებს უნდა გადავუგზავნოთ, ისე კი, ყველას შევახსენებ, ძალადობის ორგანიზატორები, ყოფილი თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელები, სულ 8 ათეულზე მეტი კაცი სასჯელს იხდის ჩადენილი დანაშაულისათვის. ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის რამდენიმე თანამზარახველს მიესაჯათ დაუსწრებლად სასჯელი. თუ თქვენ ტოტალურ შურისძიებაზე მიანიშნებთ, მაშინ ამგვარი რამ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ჩაუდენია და არც აპირებს. პირადად მეც მიმაჩნია, რომ კოაბიტაციის პროცესი აუცილებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების მოზრდილი ნაწილი ციხეებში აღმოჩნდებოდა. მე ის უფრო მაკვირვებს, რომ ჩვენ ყველანი თითქოს 2012-2013 წლებში ჩავრჩით და უმრავლესობა ისევ კოჰაბიტაციის რეჟიმშია ამჟამინდელ პრეზიდენტთანაც. მე არ მინდა ხელოვნური სირთულეები შეექმნას დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარ ქვეყანას, რომელიც ახლა იწყებს საპარლამენტო რელსებზე გადასვლას და ნელ-ნელა იძენს ამგვარი კონსტიტუციური მოწყობის გამოცდილებას. რატომ ვაძლევთ თავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი შეთანხმებულად არ მოქმედებდეს მთავრობასთან და პარლამენტთან? საერთოდაც, ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელად მაინტერესებს უცხო ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრისას საუბარში როგორ ახერხებთ ქვეყნის შეჯერებული პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შესაბამება?
კანონის შესამაბისად, მოითხოვეთ ცალკეულ საკითხთა დაყენება მთავრობის სხდომაზე და გამოიყენეთ თქვენი უფლება, მონაწილობა მიგეღოთ ამ საკითხების განსახილველად დანიშნულ მთავრობის სხდომაში? არავინ არის წინაღმდეგი კრიტიკის, შენიშვნის, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების, მაგრამ აშკარაა, რომ პრეზიდენტი მხარედ იქცა, რომელიც ჯერ სამოქალქაო სექტორის პრივილეგირებულ წარმომადგენლებს და საპარლამეტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება და მათი პოზიციის გათვალისწინებით ესაუბრება უმრავლესობას. ვგონებ, მეტი სიკეთის მომტანი იქნებოდა, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდეთ, გაიგოთ მათი პოზიცია, მოახდინოთ შესაძლო კორექტირება და შემდგომ ამ პოზიციის დაახლოება სცადოთ ოპოზიციურ სპექტრთან.
მთელ ამ პროცესში ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ ხდება არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის დაპირისპირების წახალისება უმრავლესობის წინააღმდეგ.
არასამთავრობო სექტორი კი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში. ვერ ვხვდები, ნუთუ გამართლებულია, რომ პრეზიდენტი დაპირისპირებულია მმართველ ძალასთან.
ბატონო პრეზიდენტო, სახელმწიფო ინსტიტუტებზე საუბარი დაიწყეთ იმით, რომ ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, ბუნებრივად იბადება კითხვა, ამჟამინდელი უშიშროების საბჭო ასრულებს ამ ფუნქციას? თქვენ არ ბრძანდებით აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და არ გემორჩილებიან მინისტრები, მათ შორის ისინი, რომლებიც უშიშროების საჭოს წევრები არიან. უშიშროების საბჭოს ამგვარი ფორმატი ძირითადად ობიექტური და შესაძლოა გარკვეული სუბიექტური ფაქტორების გამო ვერ ასრულებს სრულფასოვნად თავის ფუნქციას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისაგან გამიჯნულ სტრუქტურად გადაიქცა. ამასთანავე კონსტიტუცია ახალი რედაქციის მიხედვით საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ იქმნება თავდაცვის ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი იქნება და რომლის შემადგენლობაშიც შედიან პრემიერ-მინისტრი და ცალკეული მინისტრებიც, მათ შორის, შედის აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარეც.
ბატონო პრეზიდენტო,
ინსტიტუციების თემას შარშან პარლამენტში გამოსვლისასაც შეეხეთ და აღნიშნეთ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისაკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენო. დასანანია, რომ თქვენ ვერ იქეცით საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ფაქტორად; უფრო მეტიც, სახელმწიფოს მეთაურის დაპირისპირებამ მმართველ გუნდთან დააზარალა ინსტიტუციების სრულყოფა და მათი კოორდინირებული მუშაობა. აქ უნდა შევეხოთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა კენჭი იყაროს ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მე მისი მონაწილეობით გამართულ მხოლოდ ორ შეხვედრას დავესწარი და ასეთი დასკვნის გაკეთება შემიძლია: დინამიურ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, 5 წელი დიდი დროა იმისათვის, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაციის მიღებამ და ნატოსთან შემდგომმა დაახლოებამ ახალი მოთხოვნები დაუყენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. როგორც მე შევატყვე, ბატონი ბიძინას მიზანია, მმართველმა პარტიამ გაააქტიუროს თავისი მუშობა ინსტიტუციური წესრიგის შემდგომი განმტკიცებისა საქმეში და სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იმ პრინციპითაც შეირჩევა, რომ მან კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს ინსტიტუციების შეუფერხებელ და კოორდინირებულ საქმიანობაში.
ბატონო პრეზიდენტო,
თქვენი განსწავლულობისა და მაღალი ინტელექტის გათვალისწინებით, ჩემთვის ძნელად გასაგებია ზოგიერთი ის უზუსტობა, რომელსაც თქვენ საჯარო გამოსვლებში უშვებთ. წეღანაც იყო სერიოზული ხარვეზები, რომელსაც ახლა არ შევეხები. მინდა მოვიყვანო თქვენი ერთი ასეთი ფრაზა: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, ვის აქვს კონტროლი ამ ტერიტორიებზე, საქართველო დაძლევს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 4 საუკუნეა ამ ვითარებას ვებრძვით, ჩვენ დავძლევთ ამ მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი“. რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ აქ ორ სერიოზულ უზუსტობასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, ოთხი საუკუნის წინ გიორგი სააკაძისა და თეიმურაზ პირველის ეპოქა იყო. თეიმურზ პირველი კი ისევე როგორც მისი პაპა ალექსანდრე მეორე, აგრეთვე ვახტანგ მეექვსე, თიმურაზ მეორე, სოლომონ პირველი ელჩობას რეგულარულად აგზავნიდნენ მოსკოვში სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თხოვნით და მეორე, ბერლინის კედელი გერმანელებმა არ დაანგრიეს. იგი 4+2 ფორმულის საფუძველზე განხორციელებული საერთშორისო ძალისხმევით დაინგრა. ამასთანავე ისიც გაითვალისწინეს რომ კედლის ორივე მხარეს გერმანელები ცხოვრობდნენ და მათ გაერთიანების დაუოკებელი სურვილი ქონდათ. მოსახლეობაში გაყალბებული ისტორიის დანერგვა საფრთხეს შეიცავს, რადგან მოწინააღმდეგე დოკუმენტურად ამხელს სიყალბეს და ამით ძალზე გაგვირთულებს დავამტკიცოთ ჩვენი ისტორიული სიმართლე: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწებია, რომლებზეც ქართველების გვერდით ძმურად ცხოვრობდნენ აფხაზები და ოსები. ეს ყველაფერი კარგად აისახა ქალბატონი ადა მარშანიას გამოსვლაშიც.
ბატონო პრეზიდენტო,
კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უმნიშვნელოვანეს ფუნქციებთან ერთად მე ვისურვებდი ჩვენი პრეზიდენტი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ფონის მიმცემიც იყოს. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ ჩავაგდეთ შოთა რუსთაველის იუბილე. მდგომარეობა ერთგავარდა შეცვალა პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ 26 მაისის ღონისძიებაზე. შარშან ყურადღების მიღმა დაგვრჩა ორი ბრწყინვალე პოეტის – მირზა გელოვანისა და ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე. თითქოს მოვახერხეთ სათანადო პატივის მიგება ნიკოლოზ ბარათაშვილსათვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული მწერლობის ევროპეიზაცია სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაიწყო, მისი იუბილეც მეტი გაქანებით უნდა აღგვენიშნა.
ევროპამ იცის, რომ ბაირონისა და გოეთეს პარალელურად დემონებთან ჭიდილს ქართველი პოეტიც ახორცილებდა, რომელმაც მერანისა და „სულო ბოროტოს“ სახით ფაუსტური პარადიგმის ბრწყინვალე ნიმუშები შექმნა და ბოროტ ძალასთან ჭიდილში გაიმარჯვა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპას უნდა დაანახოს, რომ ვიზალიბერალიზაციით საქართველო არა მარტო დაბრუნდა ევროპის წიაღში, არამედ ევროპის საკუთრება გახადა პეტრე იბერის უნიკალური ფილოსოფიური ნააზრევი, ექვთიმე ათონელის თარგმანები, გენიალური შოთა და მისი ვეფხისტყაოსანი, ქართული ანბანი, ქართული ღვინო და და ა. შ. პრეზიდენტის საჯარო გამოსვლები უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახლგაზრდებში პატრიოტული სულის გაღვიძებას, ჩვენი დიდი ისტორიისადმი ინტერესეის გაღვივებას. რაკიღა საქართველოს გადარჩენაში სხვა ფაქტორებთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი ტრადიციის ძალამაც შეასრულა, მაშინ პრეზიდენტი ქართული ტრადიციების უპირველესი დამცველი და მისი პოპულარიზატორი უნდა იყოს მსოფლიო არენაზე. ეს ყველაფერი საშულებას მოგვცემს მომზადებული შევხვდეთ გლობალიზაციის უზარმაზარ ტალღას და მისი უკიდეგანო შესაძლებლობები ქვეყნის სამსახურში, მისი პროგრესის უზრუნველყოფაში ჩავაყენოთ,
ბატონებო, ქვეყნის პოლიტიკური ვექტორები სწორი მიმართულებისაა. საქართველო წარმატებული ქვეყანა გახდება. წარმატება მით უფრო მალე მოვა, რაც უფრო მალე დავამყარებთ ინსტიტუციურ წესრიგს და მოვიშლით ერთმანეთთან დაპირისპირებას, კინკლაობას. სწორედ ამ სურვილით მინდა დავსრულო ჩემი გამოსვლა. გაიხარეთ”, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები