ირაკლი კობახიძე: მინდა, პრეზიდენტს ვურჩიო, ფულის ხარჯვაში პარლამენტს მიბაძოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს ფულის ხარჯვაში საკანონმდებლო ორგანოს მიბაძოს.
„მე მინდა, პრეზიდენტს ვურჩიო, მიბაძოს საქართველოს პარლამენტს ფულის ისე ხარჯვაში, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას და იმ საზოგადოებას, რომელიც არის საქართველოში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქმედ სისტემაში, პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ფუნქციები არ აქვს მინიჭებული, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ეს მისია ვერ შეასრულა და ამის ერთ-ერთი მაგალითია ის ხარჯები, რომლებიც პრეზიდენტმა, ამ წლების განმავლობაში, საგარეო მივლინებებზე გასწია.
„ამ სისტემაში საქართველოს პრეზიდენტი, იმ პირობებში, მით უმეტეს, როდესაც მას არ აქვს პოლიტიკური ფუნქციები ანუ აღმასრულებელი ფუნქციები მინიჭებული, პრეზიდენტი უნდა იყოს განსაკუთრებულად მისაბაძი მაგალითი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ეს მისიაც ვერ შეასრულა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამისთვის. ერთერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ხარჯები, განუზომელი ხარჯები, რომელსაც გასწევს ბატონი გიორგი მარგველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში და ამ ხარჯების გაწევა არსებითად არის მიმართული იქითკენ, რომ ფუფუნება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტმა, რაც არის ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო მოვლენა. მაგალითებს მოვიყვან: მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი, მე მაქვს 2016 წლის სტატისტიკა აქ, 2016 წელს, წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტმა დახარჯა საგარეო მივლინებებზე იმაზე მეტი ფული, ვიდრე საქართველოს პარლამენტმა. წარმოიდგინეთ: ერთი პოლიტიკოსი 200-მდე მოხელით, ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსით და 700-მდე თანამშრომლით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რესურსებისა და სოციალურ ფონის გათვალისწინებით, ეს შემაშფოთებელი და მიუღებელია.
„დავინტერესდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი მაჩვენებელი მიეღო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, როგორც შეიძლებოდა, ასე გაზრდილიყო მისი მივლინების ხარჯები.
დავინტერესდი და ვნახე, რომ მაგალითად, სასტუმროში, საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში, ხარჯავს დაახლოებით ხუთჯერ, ექვსჯერ, ზოგჯერ შვიდჯერ მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი დეპუტატი. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი და მიუღებელი, მით უმეტეს, იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, და ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო სამაგალითო ადამიანი საზოგადოებისთვის, თუმცა, მან, სამწუხაროდ, ეს მისიაც ვერ შეასრულა.
რჩევები მოგვცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მე მინდა, მას ვურჩიო, მიბაძოს საქართველოს პარლამენტს ფულის ისე ხარჯვაში, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას და იმ საზოგადოებას, რომელიც არის საქართველოში. მიბაძეთ საქართველოს პარლამენტს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები