ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ინტერესი იყო საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინტერესი იყო საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა.
„2020 წლის ბოლოს არავის არ ემახსოვრება, რას ამბობდა გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, 2020 წლის ბოლოს, ქართველ ხალხს ეცოდინება, რომ ქვეყანას აქვს ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებს საუკეთესო ევროპული სტანდარტების საპარლამენტო მმართველობის სისტემას“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას.
პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა, რომლებზეც პრეზიდენტმა გამოსვლისას აქცენტები გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის დოკუმენტი, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გამეორებას და ესაა განხორციელებული რეფორმის მთავარი მიღწევა, რასაც, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უპირისპირდებოდა გიორგი მარგველაშვილი.
„საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო რეფორმა. აქ ძალიან ცალსახად მინდა აღვნიშნო შემდეგი: 2020 წლის ბოლოს არავის არ ემახსოვრება, რას ამბობდა გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. თუმცა, 2020 წლის ბოლოს, ხალხს ეცოდინება, ქართველ ხალხს ეცოდინება ის, რომ ქვეყანას აქვს ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებს საუკეთესო ევროპული სტანდარტების საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ეს არის ყველაზე დემოკრატიული თავისი ბუნებით, მმართველობის სისტემა, სადაც არის წარმოდგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისთვის და სადაც გაძლიერებულია ოპოზიციის როლი და ფუნქციები პოლიტიკურ სისტემაში. მთლიანობაში ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეუძლებელს ხდის ჩვენს ქვეყანაში ავტოკრატიის, ავტორიტარული რეჟიმის გამეორებას. ეს არის მთავარი მიღწევა ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმის და ზუსტად ამას უპირისპირდებოდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვერცერთი კონკრეტული შენიშვნა ვერ გამოთქვა და ერთადერთი შენიშვნა უშიშროების საბჭოს ეხებოდა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო არაქმედითი ორგანოა და არ არის ლოგიკურად თავსებადი იმ სისტემასთან, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას, კონსულტაციები იქნა გავლილი ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან და უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული.
„დღეს, რეალურად, ვერცერთი კონკრეტული შენიშვნა ვერ გამოთქვა ბატონმა პრეზიდენტმა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ერთადერთი შენიშვნა ეხებოდა უშიშროების საბჭოს, ვადებს თუ არ ჩავთვლით. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს – განმარტეს კოლეგებმა, მე დამატებით განვმარტავ: უშიშროების საბჭო დღეს არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო. მე თვითონ გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი და ძალიან კარგად ვიცი თუ რა საქმიანობით, რა ფუნქციებით არის, ასე ვთქვათ, დაკავებული ეს ინსტიტუტი. რეალურად ეს ორგანო ვერ ფუნქციონირებს და ეს არ არის არც გიორგი მარგველაშვილის ბრალი, არც უშიშროების საბჭოს მდივნის ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ ეს ორგანო არ არის ლოგიკურად თავსებადი იმ სისტემასთან, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2013 წლიდან. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო ლოგიკური, ეს იყო უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება. როცა ჩვენ ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას, კონსულტაციები გავიარეთ ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, განსაკუთრებით იმ პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებით, პირდაპირ დავასახელებ – ეს იყო ნატოს სამეკავშირეო ოფისი თბილისში, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ასე შემდეგ. ასეთი ფართო კონსულტაციების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს გაუქმების თაობაზე და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა სხვა რაციონალური ალტერნატივა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიდევ ერთ საკითხს, რომელსაც პრეზიდენტი მოხსენებისას შეეხო. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაპირდაპირი არჩევნების შემოღება იყო დადებითი მოვლენა.
„ასევე, საუბარი შეეხო საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას. ამასთან დაკავშირებით მე კიდევ ერთხელ მინდა აქცენტი გავაკეთო ვენეციის კომისიის დასკვნაზე, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ არაპირდაპირი არჩევნების შემოღება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იყო დადებითი მოვლენა. ეს ცვლილება დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, იმიტომ, რომ ეს სისტემა არის უფრო მეტად თავსებადი საპარლამენტო მმართველობის მოდელთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტის კრიტიკა არ იყო, სამწუხაროდ, დასაბუთებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის მუშაობის ერთადერთი შედეგი იყო რეკომენდაციების ჩამონათვალი. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ პრეზიდენტს კომისია და მისი ხელმძღვანელობა არ გაუკრიტიკებია, რასაც, მისივე განმარტებით, მარტივი ახსნა აქვს.
„მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს. წინა პარლამენტში, წინა პარლამენტის პერიოდში მოქმედებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამ კომისიამ იმუშავა სამი წლის განმავლობაში და ვერ დადო ვერავითარი შედეგი. შედეგი ერთადერთი იყო ოც გვერდიანი ჩამონათვალი სხვადსხვა სუბიექტის რეკომენდაციებისა და ეს რეკომენდაციებიც არ იყო სისტემატიზებული, ეს იყო სამწლიანი მუშაობის შედეგი. თქვენ არ გახსოვთ მაშინ არავითარი კრიტიკა პრეზიდენტის მხრიდან ამ კომისიის მიმართ, კომისიის ხელმძღვანელობის მიმართ. ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას. რეალურად, მაშინაც, პრეზიდენტის ინტერესი იყო რეფორმის ჩავარდნა და იგივე მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს ამ მოწვევის პარლამენტის პირობებშიც. სამწუხაროდ, ეს იყო დესტრუქციული მიდგომა, რომელიც გამოავლინა პრეზიდენტმა კომისიაში არ მონაწილეობით, მუდმივი კრიტიკით, დაპირისპირებით, ალტერნატიული ფორმატების შექმნით, და კიდევ ერთხელ- ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტმა შეასრულა არა გამაერთიანებლის, არამედ იმ ადამიანის ფუნქცია, რომელიც თიშავს, ცდილობს, გაყოს და ცდილობს, დაპირისპირება წარმოქმნას ხელოვნურად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები