ირაკლი კობახიძე: ბიუროს სხდომაზე პროცედურის განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც არცერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს

„ჩვენ ვერ გავიხსენებთ ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერცერთ, თუნდაც კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა გამაერთიანებლის როლში, თუმცა, ამის საპირისპიროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის, და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის პრეზიდენტი გახდა და შეწყალებასთან დაკავშირებული მოვლენების დროს, მან კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც მოახდინა თვითიზოლაცია.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტი არ იყო გამაერთიანებელი ჩვენი სისტემის, ჩვენი საზოგადოების ამ ხუთი წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ჩვენ ვერ გავიხსენებთ ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერცერთ, თუნდაც კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა გამაერთიანებლის როლში, თუმცა, ამის საპირისპიროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის, და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში და ესეც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა საბოლოო ჯამში ოპოზიციის პრეზიდენტი და სულ ბოლოს, თქვენ გახსოვთ ბოლო მოვლენები, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც და ბოლოს გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც ასევე ძალიან სამწუხარო მოვლენაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გიორგი მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოებისა. ეს არის მისი კონსტიტუციური როლი და ფუნქცია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მოღვაწეობის სამწუხარო ნიშანი იყო ე.წ. კინკლაობა. პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ შეეხო დებატების რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას და განაცხადა, რომ პროცედურის პარლამენტის ბიუროზე განხილვას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც ესწრებოდა, რომელსაც საკითხთან დაკავშირებით, შენიშვნები არ გამოუთქვამს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის დასატოვებლად მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა.

„სამწუხარო ნიშანი მისი მოღვაწეობისა იყო ე.წ. კინკლაობა. ეს ტერმინი სამწუხაროდ, ხშირად გამოიყენებოდა ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც საქმე ეხებოდა პრეზიდენტთან ურთიერთობას და დღესაც, მისი დღევანდელი მოქმედებაც იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება. მე ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევეხები ნიუანსებს იმ საკითხისა, რომელიც დაკავშირებული იყო პრეზიდენტის სხდომათა დარბაზიდან გასვლასთან. ჩვენ გვაქვს რეგლამენტით გათვალისწინებული გაწერილი პროცედურა დებატებისა. ეს პროცედურა ჩვენ განვიხილეთ ერთად ბიუროს სხდომაზე და ასევე დავაზუსტებ იმას, რომ ამ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი. მას არცერთი შენიშვნა პროცედურასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ეს არის დამატებითი არგუმენტი, ჩვენ ბევრი არგუმენტი არ გვჭირდება, უბრალოდ, დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, მას არ უყვარს დებატები, მას არ უყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც მან არაერთხელ დაადასტურა და დღესაც ამის გამოვლინება კიდევ ერთხელ ვიხილეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები