მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, ხათუნა მაღლაკელიძის განცხადებით, მოზარდების მეგობრები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.
გარდა ამისა, დადუნაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, კერძოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.
„ეს ეხება, როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ისე ექსპერტის დასკვნებს. საქმეში რომ ყოფილიყო ერთი გარდაცვლილი, წარმოდგენილი ყოფილიყო ერთი დანა და ჭრილობაც ერთი ჰქონოდა მიყენებული ამ გარდაცვლილს, ექსპერტი იმავე შინაარსის დასკვნას დაწერდა, რაც დღევანდელი მდგომარეობით არის წარმოდგენილი.
მოგეხსენებათ, გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ექსპერტმა ვერ განახორციელა იდენტიფიცირება, რომელი ჭრილობა რომელი დანით არის მიყენებული, ამიტომ ვამბობ, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა მიმდინარეობს. იურისტებმა, რომლებიც ამგვარ შინაარსის განცხადებებს აკეთებენ, იციან, რომ სხვა საქმეებშიც, შედარებითი კვლევის საფუძველზე მომზადებულ დასკვნებს ექსპერტები ამგვარი ინტერპრეტაციით გასცემენ. გვირეკავენ როგორც ნაცნობები, ასევე უცნობები და გვეკითხებიან, კი მაგრამ ეს დანაშაული გაუხსნელი რჩება? – ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, თითქოს, პირებს, რომლებიც ბრალდებულებად არიან წარდგენილი, დანაშაული არ ჩაუდენიათ და თურმე მათ რაღაც არასწორი გამოძიების საფუძველზე წაუყენეს არასწორი ბრალდება“, – განაცხადა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა.
1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები